დანი ალვესი – 43… ეს ასაკი კი არა, ტიტულების რაოდენობაა. ბრაზილიელი მარჯვენა მცველი მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. როგორც იცით, ამჯერად ტოკიოს ოლიმპიადაც მოიგო.
დანი ალვესის სხვა მიღწევაც: ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. თანაც, დანიმ მშვენივრად ითამაშა ტოკიოში, ფინალში საგოლე პასიც გააკეთა და მანამდეც კარგი იყო.
ითამაშებს დანი ალვესი მსოფლიო ჩემპიონატზე? ბევრიც არ დარჩა, 15 თვე. გაისად ყატარში 39 წლის იქნება. კონკურენტებიც კაფუსა და ჟორჟინიოს დონისა ნამდვილად არ ჰყავს: ემერსონი და დანილო. მერე რამ, რომ 39 წლის იქნება – ალვესს ყატარში მოხვედრის ამბიცია აქვს.
„მუნდიალი? ეს ჩემი ოცნებაა, თუმცა ცხოვრებაში მხოლოდ ოცნებებით არ უნდა დაკმაყოფილდე. უნდა იბრძოლო და მეც ასე ვაპირებ. ახლა 23 წლის ბიჭივით ვარ, მოტივაცია ძველებურად მაქვს.
…ტოკიოში ჩემპიონობას რაც შეეხება, სიტყვები არ მყოფნის. ოლიმპიური ჩემპიონობა პირველად მოვიპოვე“.
შეგახსენებთ, დანი ალვესი ბოლო წლებში სან-პაულუში თამაშობს. საუკეთესო პერიოდი, რა თქმა უნდა, ბარსელონაში გაატარა.
გარდა იმისა, რომ დანი ალვესი მაგარი ფეხბურთელია, გასახდელშიც ლიდერია. ძლიერი ხასიათი და ამასთან, მხიარულიც: როგორც ადრეც თქვეს, ხუმარა ტიპია და საუკეთესო განწყობა შეაქვს გუნდში…