დანიის ნაკრები – გუნდი, რომელსაც 2 ტურის შემდეგ 0 ქულა ჰქონდა, დღეს ევროპის ჩემპიონატზე 1/2 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. დანიელებმა ჩეხეთის ეროვნული გუნდი 2:1 დაამარცხეს.
მატჩი გუნდებმა აქტიურად დაიწყეს და ორივე ნაკრები უტევდა. დროის გასვლასთან ერთად შესამჩნევი იყო, რომ დანიელები უპირატესობას დაეუფლნენ, სკანდინავიელებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. ანგარიში მეხუთე წუთზე გაიხსნა, სტრიგერ ლარსენის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, დილეინიმ თავით შეაგდო. ამის შემდეგ კვლავ დანია უტევდა და კვლავ დანიამ გაიტანა. 42-ე წუთზე მაელეს ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ, კასპერ დოლბერგმა შეაგდო.
მეორე ტაიმში დანიამ ტემპს ოდნავ მოუკლო და ჩეხეთი გააქტიურდა, რამაც შედეგი მოიტანა. 49-ე წუთზე კუფალის ჩაწოდების შემდეგ, პატრიკ შიკმა შეაგდო და ამ ევროპის ჩემპიონატზე მეხუთე ბურთი გაიტანა, რითიც კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა.
ამ გოლის შემდეგ ჩეხეთი უფრო აქტიურობდა და გატანის შანსიც ჰქონდა, თუმცა ტაბლოზე ანგარიში აღარ შეცვლილა. დანიის ნაკრები 1/2 ფინალშია და მისი მეტოქე ინგლისი – უკრაინას შორის მოგებული იქნება.