ახლა, როდესაც მესის, ლევანდოვსკის, რონალდუს და კიდევ ვიღაცების გამო კარგად ვინერვიულეთ და მეგობრებს, მეზობლებს, უბნელებს თუ უბრალოდ ფეისბუქ-გამვლელებს ისიც მივაყენეთ, ძველ დროში შეურაცხყოფას რომ ეძახდნენ, კარგია დასვენება. მუხრან მაჭავარიანს აქვს გენიალური ლექსი: ვიდრე შენთვის ღმერთი სიკვდილს გაიმეტებს, — ხომ უნდა შეიქციო თავი რაიმეთიო და მერე გვთავაზობს: ან გამყიდე, ან დანა დამარტყი ან… რამე ამგვარიო.
პირადად მე დასვენება მირჩევნია და ჩემთვის დასვენების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება „ოქროს ბურთის“ მხოლოდ ერთგზის ლაურეატისა და ფიფას გამოკითხვის მხოლოდ სამგზის გამარჯვებულის, ზინედინ ზიდანის თამაშის გახსენებაა.
ხშირად ვცდილობ ჩამოვთვალო ფეხბურთელები ვისაც ესთეტიკური თვალსაზრისით ისეთი სიამოვნება მოუნიჭებია, როგორიც ზიდანს. არ დაგიმალავთ და ბევრნი არ არიან. ლამაზად ბევრს უთამაშია, როგორ არა, მაგრამ ზიდანისებურად?… ერთი ვოვა გუცაევი მახსენდება, მეორე რონალდინიო… თუმცა, მოდი თქვენც ჩამოთვალეთ. უფრო სწორედ, თქვენ თქვენები გაიხსენეთ.
ძველ გულშემატკივრებს, ვინც ახლა მისაყვედურებს მესხი რატომ არ ახსენეო, ბოდიშს მოვუხდი: სამწუხაროდ, დიდი მიშას თამაში არ მახსოვს!
ზიდანი კი საოცარი ფეხბურთელი იყო. როგორც ნამდვილ ვარსკვლავს, გადამწყვეტი გოლები გაჰქონდა (მსოფლიოს ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში); როგორც მსოფლიო ფეხბურთის მშვენებას ისეთი პლასტიკა და ტექნიკა ჰქონდა, რომ მოწინააღმდეგეებს კი არა, გულშემატკივრებს და ჟურნალისტებსაც ერეოდათ თავგზა — შედეგებზე წინ მისი ბურთაობის სილამაზეს აყენებდნენ; ხოლო როგორც ლიდერი თანაგუნდელებს წინ მიუძღოდა და ამ ყველაფერთან ერთად, საოცრად მოკრძალებული კაციც იყო. იყო კი არა, არის.
ფრანგმა მუსიკოსმა ჟან-ლუი მიურატმა თქვა: „ზიდანი გუნდში იგივეა, რაც ჯიმი ჰენდრიქსი ბენდში. მაგრამ, როგორც კი ეტყვი, რომ დიდი სოლისტია, გიპასუხებს, მარაკასზე დაკვრა მირჩევნიაო“.
1998 წლის 12 ივლისს, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის დღეს, ზიდანის მამამ დაძაბულობას ვერ გაუძლო და თამაში რომ მოახლოვდა, ორი თვის შვილიშვილი ლუკა (დღეს „რაიო ვალეკანოს“ მეორე მეკარე რომ არის) პარკში გასასეირნებლად გაიყვანა. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. მერე კი უცბად იხუვლა ხალხმა და ქუჩები გაივსო. დროშები აფრიალდა. დაიწყო ზეიმი და მამა-ზიდანმა გაიგო, რომ მის ვაჟს ორი გოლი გაუტანია.
ნეტავ, სხვებივით საგანგებო სტუმრებისთვის გამოყოფილ სექტორში რატომ არ ჰქონდა ბილეთი? რაღაც, ძალიან ზიდანურია ეს ყველაფერი.
ზიდანისთვის პრობლემას არასდროს წარმოადგენდა ეთქვა, ის რასაც ჩვენ ვარჯიშით ვაღწევდით, რონალდოს (ღიპიანს) ბუნებრივად ჰქონდაო. მას შეეძლო მოეყოლა ისტორია, როგორ გააცდინა „ფენომენმა“ რამდენიმე ვარჯიში, თამაშის წინ კი ბაზაზე გამოცხადდა, ბიჭებს ბოდიში მოუხადა და დაპირდა, დანაშაულს ორი გოლით გამოვისყიდიო. და გამოისყიდა.
ამას რომ ჰყვება, ზიზუს არ ადარდებს, სხვა თავისზე დიდი ფეხბურთელი რომ გამოჰყავს. თავის წარმოჩენისა და სხვისი დაკნინების შეჯიბრებაში არ მონაწილეობს. ეტყობა, ვერ არის მთლად თანამედროვე კაცი.
აი, ფიცხი კი ყოველთვის იყო. რას იზამ, ალჟირული გენები და მარსელის გარეუბანში გატარებული ბავშვობა შვრება თავისას. როგორ იყო, იცით? დასახლება სადაც ზიდანები ცხოვრობდნენ მუშების რაიონი იყო, მაგრამ ბლომად იყვნენ ბოზები, ნარკომანები, „წამლის ბარიგები“ და ასეთები. ბიჭები ფეხბურთს რომ თამაშობდნენ, მოწინააღმდეგე გუნდში თავისუფლად შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ვიღაც ძველი ბიჭი, რომელიც რომ დაინახავდა აგებდა, რაღაც ცუდს იკადრებდა. სწორედ, ასეთ დროს იყო საჭირო ის თვისება, რომლის გამოც ზიდანმა ცამეტი წითელი ბარათი მიიღო.
ბოლო წითლით დაასრულა კიდეც კარიერა. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალში მარსელური ჩაატარა და მოედნიდან გავიდა. აღარც დაბრუნებულა. ამაშიც სხვანაირი გამოდგა.
მერე კი მწვრთნელობა გადაწყვიტა და… თუმცა, ამის შესახებ ჯობს სხვა დროს მოვყვეთ.