„ფინიქსის“ უკანახაზელმა დევინ ბუკერმა კონფერენციის ფინალის გახსნით შეხვედრაში ბრწყინვალედ იასპარეზა, კარიერაში პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა (40 ქულა+13 მოხსნა+11 შედეგიანი გადაცემა) და „სანზმა“ 120:114 დაამარცხა „კლიპერსი“.
კრის პოლის არყოფნაში (კორონავირუსი) ბუკერმა იკისრა საკუთარი გუნდის „დირიჟორობა“ და ყველაფერი იდეალურად გამოუვიდა. დევინმა მშვენივრად აიყოლია თანაგუნდელები და მათაც ლამაზ სტილში დაამარცხეს მეტოქე.
20 ქულა ქონდა დეანდრე ეიტონს, რომელმაც თამაშიდან ნასროლი მხოლოდ 4 ბურთი ააცილა (10-14), 13 ქულა ქონდა ჯეი კრაუდერს, 14 მაილს ბრიჯესს, 11 კამერონ პეინს, ხოლო სათადარიგოთა სკამიდან შემოსულ ჯონსონს – 12.
კავაი ლეონარდის არყოფნაში (მუხლის მყესის დაჭიმულობა) „კლიპერსს“ პოლ ჯორჯმა ულიდერა, რომელმაც 34 ქულა ჩაუგდო მასპინძლებს (7 სამქულიანი), 24 ქულა ქონდა რეჯი ჯექსონს, 13 წუთიან მონაკვეთში 11 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა დემარკუს კაზენსმა.
შეხვედრაში გადამწყვეტი მომენტი მესამე მეოთხედის ბოლო წუთები და მეოთხე პერიოდის დასაწყისი გახდა, როდესაც დევინ ბუკერი ავტომატურ რეჟიმზე გადაერთო და მას უბრალოდ ვეღარავინ აჩერებდა – ახალგაზრდა სნაიპერი მიყოლებით აგდებდა ბურთებს ნებისმიერი დისტანციიდან.
„ფინიქსი“ მეტოქეს 10 ქულიანი სხვაობით გაექცა და ამის შემდეგ უკან აღარც მოუხედავს.