ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს დევისის თასი ფინალური ტურნირი. მადრიდში მესამე მეოთხედფინალი შედგა, სადაც ერთმანეთს სერბეთის და ყაზახეთის დანკრებები დაუპირისპირდნენ.
პირველები კორტზე მიხაილ კუკუშკინი და მიომირ კეჩმანოვიჩი გამოვიდნენ. სერბს უკეთესი სტარტი გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 2:0 დაწინაურდა. კუკუშკინი დროულად გამოფხიზლდა და მალევე აღადგინა წონასწორობა – 2:2. პირველი სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ერთადერთი მინიბრეიკი ყაზახმა შეასრულა და პარტიაც მოიგო 7:6.
მიხაილმა მეორე სეტიც წარმატებით დაიწყო და 6 ნათამაშები გეიმის შემდეგ 4:2 დაწინაურდა, თუმცა ნაადრევად ჩათვალა მატჩი მოგებულად, მოდუნდა და ამისთვის მწარედ დაისაჯა – მიომირმა ზედიზედ 4 გეიმის მოგებით სეტი ააცალა მეტოქეს და ანგარიშიც გაათანაბრა 1:1 (6:7 6:4).
მესამე სეტი დრამატული გამოდგა – სერბმა ჩოგბურთელმა საწყისი 3 გეიმი მოიგო და სოლიდური სხვაობით დაწინაურდა. 5:3-ზე კეჩმანოვიჩი მატჩზე აწვდიდა და ორმაგი მატჩბოლიც ქონდა, თუმცა გამოცდილმა ყაზახმა გაუძლო ამ წნეხს, უკუბრეიკი შეასრულა და მალე სეტი ტაიბრეიკზეც გადავიდა.
„საჩოგბურთო ლატარეა“ ნამდვილ შოუდ იქცა – 6:5-ზე და 7:6-ზე მიომირს კიდევ 2 მატჩპოინტი ქონდა, თუმცა კუკუშკინმა ეს საფრთხეც მოიგერია. შემდეგ ყაზახის დროც დადგა – მიხაილი ზედიზედ 4-ჯერ მივიდა მატჩბოლამდე, თუმცა უშედეგოდ. მეხუთე მატჩპოინტზე კუკუშკინმა მაინც მოახერხა თავისი შანსის გამოყენება და ყაზახეთს ქულა მოუტანა 7:6 4:6 7:6.
სერბეთს უკანდასახევი გზა არ ქონდა და კორტზე მსოფლიო რეიტინგის ლიდერი – ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოუშვა, რომელმაც ყველანარი გართულების გარეშე, ორ სეტში 6:3 6:4 სძლია ალექსანდრ ბუბლიკს და სერბეთ-ყაზახეთს შორის ანგარიშიც გაათანაბრა 1:1.
1/2 ფინალის საგზურის მფლობელი წყვილთა შეხვედრას უნდა გაერკვია – ჩაჩიჩი/ჯოკოვიჩის დუეტი გოლუბევ/ნედავესოვის ტანდემის წინააღმდეგ.
პირველი სეტი სერბებმა მოიგეს ანგარიშით 6:2, მეორე პარტიაში უკვე ყაზახებმა მოიგეს ანალოგიური ანგარიშით.
მესამე, გადამწყვეტ სეტში ნოვაკ ჯოკოვიჩის მაღალამა სათამაშო კლასმა თავისი „სიტყვა თქვა“ – „ნოლემ“ პირადად მოიგო რამდენიმე რთული გათამაშება, მე-5 და მე-9 გეიმებში ბრეიკი მოაპოვებინა სერბეთს და მატჩი საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა 6:2 2:6 6:3.
სერბეთმა ურთულეს ბრძოლაში გაიარა ყაზახეთის ბარიერი (2:1) და ნახევარფინალში ხორვატიას შეხვდება. საჩოგბურთო ინტრიგის გარდა, პოლიტიკური ინტრიგაც საკმაოდ დიდია, როდესაც ბადის საპირისპირო მხარეს ხორვატები და სერბები დადგებიან.