დევისის თასის ფინალური ტურნირი დაიწყო

ევროპის სამ ქალაქში სტარტი აიღო 2021 წლის დევისის თასის ფინალურმა ეტაპმა. მთავარ სანაკრებო ტურნირს ინსბრუკი, მადრიდი და ტურინი მასპინძლობს.

პირველ სათამაშო დღეს, ესპანეთის დედაქალაქში ერთმანეთს კანადის და შვედეთის ნაკრებები ხვდებოდნენ, რომლებიც ყაზახეთთან ერთად აკომპლექტებენ ჯგუფ B-ს.

ფურცელზე კანადელები ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, თუმცა 2 ლიდერის არყოფნაში(შაპოვალოვი, ოჟე ალიასიმი) მათ მშრალი ანგარიშით წააგეს შვედეთთან 0:3.

პირველ მატჩში ელიას იმერმა 6:4 6:2 სძლია სტივენ დიასს, ხოლო მომდევნო შეხვედრაში ელიასის ძმამ, მიქაელმა 6:4 6:4 მოუგო ვაცეკ პოსპიშილს. წყვილთა თანრიგის მატჩში ჰარისონი/ლინდშტედის დუეტმა 7:6 6:4 მოუგო პოსპიშილ/შნურის საკმაოდ ძლიერ წვილს და შვედეთს ჯგუფიდან გასვლა ფაქტობრივად გაუნაღდა.

ბევრად უფრო საინტერესო და დაძაბული გამოდგა საფრანგეთის და ჩეხეთის დაპირისპირება ჯგუფ C-ში.

მსოფლიოს 143-ე ჩოგანმა – ტომაშ მაჩახმა, რომელსაც კარიერაში ერთადერთხელ ქონდა მოგებული ტოპ 100-ის ჩოგბურთელთან, მცირე სენსაცია შესთავაზა მაყურებელს, როდესაც 7:6 6:2 სძლია გამოცდილ რიშარ გასკეს.

პირველი სეტის ტაიბრეიკი წააგო ასევე გასკეს თანამემამულე ადრიან მანარინომ, თუმცა მატჩის გადარჩენა მაინც შეძლო ირჟი ვესელის წინააღმდეგ 6:7 6:4 6:2.

საფრანგეთი-ჩეხეთის მატჩის ბედი წყვილთა თანრიგის მატჩს უნდა გადაეწყვიტა – პიერ უგო ერბერის და ნიკოლა მაიუს ვარსკვლავურმა წყვილმა პირველი პარტია 3:6 დათმო მახაჩ/ლეგეჩკას დუეტტთან, თუმცა დროულად მოახერხა გამოფხიზლება და მომდევნო 2 სეტის მოგებით(6:4 6:3) „ლე ბლეს’ გამარჯვება მოუტანა 2:1.

D ჯგუფის გახსნით შეხვედრაში ხორვატებმა 3:0 გაანადგურეს ავსტრალია და ფაქტობრივად გაინაღდეს პლეიოფის საგზური.

პირველ მატჩში ბორნა გოიომ 7:6 7:5 სძლია ალექსეი პოპირინს და ხორვატებს პირველი ქულა მოუტანა. მეორე მატჩში უკვე მარინ ჩილიჩმა 6:1 5:7 6:4 მოუგო ალექს დე მინორს და საკუთარ ქვეყანას გამარჯვება გაუნაღდა.

ევროპელებმა ყველაზე იოლი გამარჯვება წყვილთა თანრიგში მოიპოვეს – მეკტიჩი/პავიჩის სუპერ-დუეტმა 6:3 6:1 გაანადგურა დე მინორი/პირსის ტანდემი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *