წამიკითხავს, დევები მართლა არსებობდნენო. არ ვიცი, დიდი ადამიანები იყვნენ თუ ადამიანის მსგავსი დიდი არსებები, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ აქა-იქ, მათ შორის მგონი ჩვენთან, იმერეთშიც ხელუხლებლად არის შემორჩენილი რამდენიმე გამოქვაბული და ამ გამოქვაბულებთან ვეებერთელა ქვებია, რომლებიც ძალიან ჰგავს საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთებს.
ინდოეთში დევი ქალღმერთია. კაც დევს კი დევა ჰქვია. ვედური ეპოქის ლიტერატურაში დევები კეთილგანწყობილი ზებუნებრივი არსებები არიან.
დევებზე ერთი ამბავიც მახსენდება. სტუდენტი რომ ვიყავი, ზამთრის არდადეგებზე მეგობართან ერთად უკრაინაში ვიმოგზაურე. ტურისტულ ჯგუფში ვიყავით. ჩვენთან ერთად ახალდაქორწინებული ლიტველი (ახლა უკვე ლიეტუველი) ცოლ-ქმარი იყო და მათთან ლაპარაკში გავარკვიე, რომ მათაც ჰყოლიათ დევები. ზღაპრებში, რასაკვირველია.
მოკლედ, თემა შესწავლილი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ვეჭვობ, რომ ეს არსება — დევი — სხვა ქვეყნების ეპოსშიც იქნება. და კიდევ ერთი ეჭვი მაქვს… ვედები მართლები იყვნენ — დევები კეთილები იქნებოდნენ. რატომღაც ჩვენთან გაუტყდათ სახელი. ვინ იცის, ყველაზე პოპულარული უქნარას, ნაცარქექიას ბრალია, მერე კი მიჰყვა და მიჰყვა.
თან მე ერთსაც გეტყვით: დევები რომ არსებობდნენ და კეთილები იყვნენ ამის დამადასტურებელი ფაქტები იმერეთში მართლაც არის, ოღონდ არქეოლოგები და ფოლკლორისტები მათ ვერაფრით მიაგნებენ. რატომ? იმიტომ რომ სხვაგან ეძებენ. ეს გოლიათები კი ჩვენი თანამედროვეები არიან და ჩვენს შორის დადიან. მათში განსაკუთრებით ერთი გამოირჩევა. ბუნებამ ისურვა ასე, რომ დედამიწას ძველი დევი დაბრუნებოდა და ეს მაინცდამაინც საქართველოში მომხდარიყო. ჰოდა, დადის ის დევი ხალხში, დადის და იმდენად კეთილია, რომ გვახარებს. მგონი იმიტომ დაიბადა, რომ სიკეთე და ღიმილი აფრქვიოს.
ამიტომაც იყო, ახალი წლის დადგომას რომ მივუახლოვდით და ძველ წელიწადს თვალი გადავავლე, უნებურად ყველაფერი მან დაჩრდილა. დევია და დაჩრდილავდა, აბა რას იზამდა.
ოღონდ, ეხლა არ მკითხოთ რა დამსახურებისთვისო. თუმცა, ამ კითხვის დამსმელი კაცი მე არ მეგულება. სამაგიეროდ, ბევრი მეგულება ისეთი, რომელიც საახალწლო სუფრასთან ჭიქას აწევს და ჩვენს ბუმბერაზს ადღეგრძელებს. მეც მათ ვუერთდები:
— ღმერთმა გაგიმარჯოს, ხალხის გასახარებლად მოსულო ჩვენო დევკაცო!!