„დენვერი“ დამარცხდა, იოკიჩმა ტრავმა მიიღო

სოლტ ლეიკ სიტიში „იუტამ“ „დენვერს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 122:110 დაამარცხა. სეზონის სტარტზე „ჯაზმენები“ იდეალურად გამოიყურებიან – 3 მატჩი, 3 გამარჯვება.

შეხვედრის სტარტი „ნაგეთსს“ უკეთესი გამოუვიდა – იოკიჩმა და გორდონმა ჯამში საწყისი 11 სროლა გამოიყენეს და 31:28 დაწინაურდნენ, თუმცა მეოთხედის უკანასკნელ წუთზე ჯორდან კლარკსონმა 4 ქულა აიღო, რასაც მაიკ კონლის ზუსტი სამქულიანი მოყვა და „იუტამ“ პერიოდი 35:31 მოიგო.
მეორე მეოთხედში მასპინძელთა ჰანდიკაპმა +11 შეადგინა, თუმცა „დენვერი“ არ ნებდებოდა. სტუმართა სერბმა MVP-მ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტყორცნა გამოიყენა რთული მდგომარეობებიდან და „იუტასთან“ ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა.

ერთ მომენტში იოკიჩი და გობერი ერთმანეთს შეეჯახნენ, რა დროსაც ნიკოლამ მუხლი დაიზიანა და პარკეტზე აღარც დაბრუნებულა.
სერბი ცენტრის არყოფნაში „გაილაღა“ რუდი გობერმა, რომელმაც „დააწიოკა“ სტუმართა სამწამიანი ზონა. „ნაგეთსის“ რიგებიდან“ ერთადერთი ბარტონი ცდილობდა შეხვედრაში ინტრიგის დატოვებას, რომელმაც მესამე მეოთხედში 16 ქულა დააგროვა.

უკანასკნელ, მეოთხე პერიოდში ლიდერის გარეშე დარჩენილმა „დენვერმა“ მაინც დათმო პოზიციები“ და მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი წააგო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ „იუტას“ ფრანგი ცენტრი – რუდი გობერი დასახელდა, რომელმაც სოლიდური ორმაგი დუბლი შეასრულა – 23 ქულა, 16 მოხსნა. 22 ქულა დააგროვა დონოვან მიჩელმა, 19 ჯორდან კლარკსონმა.

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ იოკიჩმა მხოლოდ 15 წუთი ითამაშა, მისი სტატისტიკა მაინც სოლიდურად გამოიყურებოდა – 24 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი. სერბი ცენტრის დაზიანების ხარისხი ჯერჯერობით უცნობია.

4 ჩატარებული მატჩის შემდეგ „დენვერის“ მოგება-წაგების ბალანსი 2-2-ია. „ნაგეთსის“ კალათბურთელებს სეზონის სტარტზე უკვე ბურთის 75 დაკარგვა აქვს, რაც საჩემპიონო ამბიციების მქონე გუნდისთვის კატასტროფული შედეგია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *