„დენვერმა“ ბეჟანიშვილი ისევ არ ათამაშა

ამერიკაში გრძელდება ნბა-ს საზაფხულო ლიგა. ლას ვეგასში, „დენვერმა“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა „დალასი“ 89:85 და Summer League-ზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

სამწუხაროდ „ნაგეთსის“ გამარჯვებაში წვლილი არ შეუტანია ავსტრიის სახელით მოასპარეზე ქართველ კალათბურთელს – გიორგი ბეჟანიშვილს, რომელმაც მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

პირველი მეოთხედი „მავერიქსმა“ მაღალ დონზე ჩაატარა და ომორუის ზუსტი სროლების ფონზე 22:15 დაწინაურდა.

მეორე პერიოდში „დენვერმა“ სიტუაცია გამოასწორა – მეორე ხუთეულიდან პარკეტზე შემოსულმა ნიგერიელმა გამთამაშებელმა – აგადამ ზედიზედ 3 ბურთი „ჩასვა“ მეტოქის კალათში და „ნაგეთსი“ დიდ შესვენებაზე 2 ქულიანი ჩამორჩენით გავიდა 39:41.

მესამე მეოთხედში ისევ „დალასი“ ათამაშდა ბრწყინვალედ – ჰინტონის და ჯონსის უკანახაზელთა დუეტმა სოლიდური ჰანდიკაპი შეუქმნა ტექსასურ კლუბს – 64:53.

უკანასკნელ 10 წუთეულში „დენვერმა“ გაიბრძოლა, 11 ქულიანი ჩამორჩენა „ამოქაჩა“ და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა, სადაც საბოლოო გამარჯვებაც იზეიმა 89:85.

მატჩის გმირი „ნაგეთსის“ კალათბურთელი – ნაშონ ჰაილანდი გახდა, რომლის ანგარიშზეც 28 ქულა, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა იყო, სოლიდური ორმაგი დუბლი შეასრულა ზაილან ჩითჰამმა – 15 ქულა+18 მოხსნა.

„დალასის“ რიგებიდან გამოირჩა ნეიტ ჰინტონი – 19 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი.

ნბა-ს საზაფხულო ლიგაზე გიორგი ბეჟანიშვილის „დენვერს’ 1 მოგება და 3 წაგება დაუგროვდა. „ნაგეთსი“Summer League-ზე ასპარეზობას სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკისთან“ მატჩით დაასრულებს (16 აგვისტო).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *