დე ბრუინის ულტიმატუმი: ან მე, ან აზარი…

 

ბელგიის ნაკრებში დაძაბულობაა. კევინ დე ბრუინი უკმაყოფილოა თანაგუნდელების მომზადებით, არ დარბიან და საკმარისად მომზადებულები არ არიანო… (L’Equipe წერს). დე ბრუინმა თამაშის ცუდ ხარისხზე მწვრთნელ რობერტო მარტინესთან დაიჩივლა. ამას კი ნაკრების ასაკოვანი ფეხბურთელების პროტესტი მოჰყვა. მაგალითად, მაროკოსთან თამაშის დროს ტობი ალდერვაირელდი და იან ვერტონგენი მივარდნენ დე ბრუინს, თითებს უქნევდნენ.

წყენა გაგრძელდა ორშაბათის ვარჯიშზე. მანჩესტერ სიტის ვარსკვლავი ედენ აზარსა და იან ვერტონგენს ეკამათა, მერე კი მწვრთნელისთვის ულტიმატუმი წაუყენებია: ბოლო ტურში ხორვატიასთან აზარს თუ ათამაშებ, მე არ დამაყენოო. KDB-ის მოთხოვნა ეფუძნებოდა იმას, რომ აზარი არ დარბის და თავად უწევს სხვა ზონების გადაკეტვა.

გაირკვა, რომ რომელუ ლუკაკუ ჩაერია და მხარეები გააშველა. არადა, ბელგიელები წერენ, რომ არც ლუკაკუ და მიში ბატშუაი ელაპარაკებიან ერთმანეთს.

ბელგია ბოლო ტურში ხორვატიას ხვდება და აუცილებელი მოგება სჭირდება ჯგუფიდან გასასვლელად. ფრის შემთხვევაშიც შეიძლება, მაგრამ წარმოუდგენელი ჩანს: საამისოდ მაროკომ სამი ბურთის სხვაობით უნდა წააგოს კანადასთან…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *