იყო პერიოდი, როცა კევინ დე ბრუინის შეძენის რეალური კანდიდატი მახაჩყალის ანჟი იყო. ეს იმ დროს, როცა ანჟიმ დიდი ტრანსფერები დაიწყო, ჯერ რობერტო კარლოსი გადაიყვანა, შემდეგ სამუელ ეტოოც… დე ბრუინი იმ დროს 19 წლის გახლდათ და ბელგიის გენტში თამაშობდა.
აი რას ამბობს ანჟის მაშინდელი მწვრთნელი გაჯი გაჯიევი. ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში რუსეთი სწორედ ბელგიას ხვდება და გაიხსენეს დე ბრუინის შემთხვევა:
„2010 წელი მახსენდება, როცა სულეიმან ქერიმოვი ანჟის ყიდვას აპირებდა. ასაკოვანი ვარსკვლავების გარდა, ევროპაში ვეძებდით ახალგაზრდებს, რომლებიც 500 000 ევროზე მეტი არ ღირდნენ. ასე გავედით დე ბრუინზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დე ბრუინის ფასი უკვე 3 მილიონი გამხდარიყო. ამიტომაც უკან დავიხიეთ. დღეს კი 100 მილიონი ღირს…“.
თუმცა ანჟის შემთხვევა ერთადერთი არაა. დე ბრუინის შეძენას მოსკოვის დინამოც აპირებდა და თან მოლაპარაკებებიც დაწყებული ჰქონდა.