მერაბ დვალიშვილის რიგით მე-9 UFC-ს ბრძოლამდე რამდენიმე საათებიღა რჩება – 26 სექტემბერს, გამთენიოს, დვალიშვილი ზედიზედ მე-7 გამარჯვების მოპოვებას ბრაზილიელი მარლონ მორაესის წინააღმდეგ შეეცდება. მორაესი არის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონდე მებრძოლი, ვისაც აქამდე ქართველი მებრძოლი შეხვედრია. შესაბამისად, მერაბს აქვს შანსი, გახდეს პირველი ქართველი, ვინც თავისი წონის მე-6 პოზიციას დაიკავებს. მსგავსი პოზიციიდან საჩემპიონო ბრძოლამდე სულ ერთი ნაბიჯია.
ვინ არის მარლონ მორაესი და რამდენად სახიფათოა იგი?
33 წლის მარლონ “მაგია” მორაესი, UFC-ში, მერაბის მსგავსად, 2017 წლიდან ასპარეზობს. განვლილ 4 წელში მან 9 ბრძოლის ჩატარება მოახერხა, საიდანაც მხოლოდ 5-ში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ მორაესმა საჩემპიონო ბრძოლა ჰენრი სეხუდოსთან დათმო. მარლონმა სატიტულო ბრძოლამდე განვლილ გზაზე მერაბის მიერ დამარცხებული, ჯონ დოდსონი ჩამოიტოვა და ასევე ქართველის ძალიან ახლო მეგობარი და სპარინგ პარტნიორი, ალჯამეინ სტერლინგიც დაამარცხა.
მორაესის მთავარი კოზირი სტრაიკინგია, განსაკუთრებით კი ფეხით დარტყმები. მიუხედავად იმისა, რომ კარიერაშ 6 გამარჯვება საბმიშენითაც აქვს მოპოვებული, მერაბის უპირატესობა გრეპლინგში ცალსახაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მერაბი კარიერის პიკშია, ხოლო მორაესი ამ ბრძოლაზე 2 განცდილი მარცხით გამოდის, თანაც ორივეში საკმაოდ მძიმე ნოკაუტებით დამარცხდა.
რაც შეეხება მერაბს, იგი საოცარ ფორმაშია. უნდა აღინიშნოს, რომ წონის კლებამ საკმაოდ კარგად ჩაიარა და ეს მებრძოლებისთვის ფაქტობრივად ერთი მოგებული ბრძოლის ტოლფასია სტრაიკერის წინააღმდეგ ბრძოლა კი მერაბის დონის მოჭიდავისთვის, რომელსაც ზურგს საოცარი გამძლეობა უმაგრებს, რთული ამოცანა ნამდვილად არაა. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ “ქართველმა მანქანამ” ბოლო დროს დგომში ბრძოლა საგრძნობლად გააუმჯობესა.
რა იქნება შემდეგი მერაბისთვის?
გამარჯვების შემთხვევაში, მერაბი მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლებს, რაც მას შესაძლებლობას აძლევს მოითხოვოს ბრძოლა ნებისმიერ მებრძოლთან TOP 5-დან. ხოლო TOP 5-ში მოხვედრის შემდეგ, ტიტულზე ბრძოლა მხოლოდ და მხოლოდ დროის ამბავია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მერაბის ბრძოლა პირდაპირაა დამოკიდებული ალჯამეინ სტერლინგის ასპარეზობასთან. მერაბმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ისინი მეგობრები არიან და მათი ბრძოლა გამორიცხულია, თუმცა გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. მთავარია მერაბის დოსიეში გამარჯვებები დაგროვდეს, ოქრო კი თავისით მოვა.