დიდი ფეხბურთის სოციალისტური რევოლუცია

ფიფას გამოკითხვამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აღმოსავლეთ ევროპელი დაასახელა – პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი. ეტყობა ამაზე გამახსენდა: 1994 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანთან 0:4 წაგების შემდეგ ბარსელონამ ახალი ვარსკვლავი დაიმატა. ვისაც ეს თამაში ახსოვს ალბათ დღემდე გაოცებულია, როგორ გააქრეს მილანელებმა მოედნიდან ისეთი დიდი გუნდი როგორიც იოჰან კრუიფის ბარსა იყო და ხალხს 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ თავისი ფეხბურთი აყურებინეს.

ავად მოსაგონარი წაგების შემდეგ, ზაფხულში, ბარსას პირველი ამხანაგური თამაში გრონინგენში ჰქონია, სადაც გუნდები შესვენებაზე რომ გავიდნენ ტაბლოზე თურმე ისევ 4:0 ეწერა. ეს უკვე თავმოყვარეობის ამბავი იყო. შესვენების შემდეგ „კატალონიელები“ მოედანზე გამწარებულები დაბრუნებულან და 5:5 უთამაშიათ.

total Barça on Twitter: "Hagi & Stoichkov in a warm embrace. [Via @barcalovers1992] https://t.co/2BMk5AtrDD" / Twitter

იმ დღეს ბარსა შერცხვენას გადარჩა, მაგრამ ჩვენ ეს შეხვედრა არქივის ყველაზე ქვედა თაროდან სხვა რამის გამო ამოვიღეთ: კრუიფის გუნდის ხუთი გოლიდან ორი ახალმა ვარსკვლავმა, რუმინელმა გეორგე ჰაჯიმ გაიტანა; მათგან პირველი თავურით შეაგდო. საგოლე პასი ბულგარელმა ხრისტო სტოიჩკოვმა აუწია. ეს იყო აღმოსავლეთ ევროპული, „პოსტ-სოციალისტური“, უფრო ზუსტად ბალკანური გოლი და ვიცი, რომ მკითხველი, რომელიც იმ ეპოქას არ მოსწრებია იკითხავს, მერე რაო. მერე ის, რომ დიდი ფეხბურთი ცალკეულ გამონათებებს თუ არ ჩავთვლით, ყოველთვის დასავლეთ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის „საკუთრება“ იყო. ბულგარელის პასით რუმინელის გოლი კი თვალსაც ხვდებოდა და ყურსაც ჭრიდა.

ვინმე უნგრეთის დიდ გუნდს ახსენებს… იყო, როგორ არა, მაგრამ ჯერ ერთი უხსოვარ დროში და მეორეც, ფეხბურთი მაშინაც დასავლეთ ევროპელების და სამხრეთ ამერიკელების ბატონობის სფერო იყო.

მოკლედ, 1994 წელს ფეხბურთში „სოციალისტური“ ან თუ გნებავთ „პოსტ-სოციალისტური“ რევოლუცია მოხდა. იმ ზაფხულს აშშ-ში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბულგარეთისა და რუმინეთის ნაკრებებმა გამოიჩინეს თავი. ეს იყო ეპოქა, როდესაც ბალკანეთში ფეხბურთმა ამოხეთქა და მისი ორი ყველაზე კაშკაშა წარმომადგენელი სტოიჩკოვი და ჰაჯი იყვნენ.

A tribute to Hristo Stoichkov at Barcelona, the Boss of the Dream Team - Planet Football

ამ ორ ფეხბურთელს რასაკვირველია სხვადასხვა გზა და ბედი ჰქონდა, მაგრამ თუ დაჰკვირვებიხართ, ერთის ხსენებაზე მეორეც აგონდებათ ხოლმე.

სტოიჩკოვს და ჰაჯის ბევრი საერთოც ჰქონდათ. მაგალითად, როგორც კი თავიანთ ქვეყნებში ნიჭი შეატყეს, დედაქალაქების, უფრო სწორედ შეიარაღებულ ძალების კლუბებში უკრეს თავი — ჰაჯის „სტიაუაში“, სტოიჩკოვს ცსკა-ში. რას იზამ, ასეთი იყო სოცბანაკის ბუნება.

პირველი ნაბიჯი ორივეს ხმაურიანი გამოუვიდა. სტოიჩკოვმა აყალმაყალში ივარგა: თასის ფინალში ცსკა ლევსკის ეჩხუბა. ისეთი ამბავი ატყდა, რომ ორივე გუნდი დაშალეს, ფეხბურთელებს კი სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. ნუ, მერე, როგორც ხვდებით გადაწყვეტილება შეცვალეს, მაგრამ სტოიჩკოვს დანა, ხანჯალი თუ რაღაც ასეთი შეარქვეს. როგორც ჩანს ძალიან მოინდომა.

ჰაჯის ხმაური კი ის იყო, რომ სტიაუამ ჯერ კიდევ სპორტულ სტუდენცესკის ფეხბურთელი ევროპის სუპერთასის შეხვედრისთვის ერთი თამაშით ითხოვა და მანაც კიევის დინამოს საჯარიმო დარტყმით მატჩის ერთადერთი გოლი გაუტანა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა სტიაუამ ჰაჯის დატოვება და დედიმისის შვილი იყო ვინმეს უარი ეთქვა. ჰაჯისაც მეტი რა უნდოდა, დედაქალაქში ბინა და მანქანა მისცეს, წელში გაიმართა.

Gheorghe Hagi: “Messi es el futbolista que más me recuerda a mí”

იმხანად ჰაჯიმ ევროპაშიც ისე გაითქვა სახელი, რომ ლეგენდის თანახმად ჯოვანი ანიელი რუმინეთის კომუნისტ დიქტატორ ნიკოლაუ ჩაუშესკუს ფეხბურთელის იუვენტუსში გადაყვანის სანაცვლოდ ქვეყანაში ფიატის ქარხნის აშენებას სთავაზობდა.

ჰაჯი და სტოიჩკოვი საზღვარგარეთაც ერთსა და იმავე წელიწადს, 1990-ში წავიდნენ: ბულგარელი ბარსელონაში გადავიდა, ჰაჯი კი… რეალში. სხვა საქმეა, რომ ბარსაში კრუიფის ოქროს ხანა იწყებოდა, რეალმა კი იმ პერიოდში ოთხი მწვრთნელი გამოიცვალა. თუმცა, სტოიჩკოვი რის სტოიჩკოვი იყო — კამპ ნოუზე კარიერა იმით დაიწყო, რომ მსაჯს ფეხი დააბიჯა და ორთვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

შემდეგ კი აშშ-ში 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც სტოიჩკოვმა არგენტინასთან თუ გერმანიასთან მოგების შემდეგ თქვა: „ეტყობა, ღმერთი ბულგარელია“.

1994 წელს მან ჯერ კიდევ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო, „ოქროს ბურთი“ მოიპოვა. ამის მიუხედავად, სტოიჩკოვს იოჰან კრუიფთან ურთიერთობა გაუფუჭდა და 1995 წელს ბარსელონადან პარმაში წავიდა. კარიერის ბოლოს ის საუდის არაბეთში, იაპონიასა და აშშ-ში აგორებდა ბურთს.

ჰაჯიმ კი რეალის მსგავსად ვერც ბარსაში მოიკიდა ფეხი. რუმინელმა კარიერა „გალათასარაიში“ დაასრულა, სადაც დღემდე ლეგენდად მიაჩნიათ. 35 წლის „კარპატელმა მარადონამ“ სტამბოლის გუნდს ყველა შესაძლო ტიტული მოაპოვებინა, უეფას თასის ჩათვლით…

Bayern Munich striker Robert Lewandowski wins The Best FIFA Men's Player award - Bavarian Football Works

 

 

Leave a comment

Your email address will not be published.