“დიდ პატივს გცემ და ყაზახეთში გეპატიჟები” – ისმაგულოვი ქუთათელაძეს მიმართავს

UFC on ESPN 37-ზე, ქართველმა ვიკინგმა, გურამ ქუთათელაძემ, ორგანიზაციაში მეორე ორთაბრძოლა გამართა. გურამი ყაზახ დამირ ისმაგულოვს დაუპირისპირდა, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში, მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა. საკმაოდ ახლო და თანაბარ ბრძოლაში, მსაჯებმა ბევრისთვის საკამათო გადაწყვეტილება მიიღეს.

მიუხედავად შედეგისა, ამას მებრძოლებს შორის შუღლი არ გამოუწვევია – მებრძოლებს ერთმანეთთან არაფერი აახლოვებთ ისე, როგორც ერთმანეთის წინააღმდეგ ოქტაგონზე გატარებული დრო. გურამისა და დამირის შემთხვევაშიც ასე მოხდა – სპორტსმენებმა ურთიერთპატივისცემა ბრძოლის შემდეგ, ოქტაგონზევე გამოხატეს. ხოლო დღეს გავრცელებულ პოსტში, ისმაგულოვმა ქუთათელაძის მიმართ სამადლობელი სიტყვები არ დაიშურა:

“ეს ნამდვილად კარგი ბრძოლა იყო, არ აქვს აზრი იმას, თუ რას ამბობენ სხვები. მე და ჩემი მეტოქე, გურამი, ბრძოლას მოშიებულები ვიყავით. მართალია, ბონუსი ვერ ავიღეთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ვისაც ბრძოლები ესმის, ამ დაპირისპირებას უმაღლეს რეიტინგს მიანიჭებს. გურამ, ბრძოლის შემდეგ ჩვენ შეხვედრის საშუალება არ მოგვეცა, მაგრამ მინდა იცოდე, რომ დიდ პატივს გცემ, ვიკინგო. გეპატიჟები ჩემთან, ყაზახეთში. ვფიქრობ ჩვენი სამზარეულო ძალიან მოგეწონება!”

ისმაგულოვის პოსტს კომენტარებში თავად გურამიც გამოეხმაურა და საპასუხო მოპატიჟებაც შეუთვალა:
“მეც გეპატიჟები საქართველოში! ვფიქრობ, რომ ქართული სამზარეულო უფრო გემირელია. ხუმრობა რომ გვერდზე გადავდოთ, მინდა მადლობა გითხრა ბრძოლისთვის. პატივისცემა შენ, შენს გუნდსა და ყაზახელებს. მალე შევხვდებით!”

Leave a comment

Your email address will not be published.