დიეგო – ამ დღეს ფეხბურთი დაიბადა…

დიეგო მარადონას დაბადების დღეა. უფრო სწორად, ფეხბურთის… 61 წლის წინ ბუენოს-აირესის უღარიბეს რაიონში ფეხბურთი დაიბადა.

ვისაც მისი თამაში ახსოვს, წარმოუდგენელია, რომელიმე ეპოქაში დიეგოსავით გამორჩეული ფეხბურთელი ნახოს. ვერ დააჯერებ! და ალბათ მართალიცაა. გვახსოვს, რა მოლოდინი და ეშხი ჰქონდა მატჩს, სადაც მარადონა გველოდა.

დაბალ კლასებში დავდიოდი, გადაცემა ვნახე და აჩვენეს, მარადონამ ნაპოლიში პენალტი ვერ გაიტანა. ეს ჩამრჩა მახსოვრობაში – როგორ, პენალტი როგორ ვერ გაიტანა? მეორე და მესამე დღეს ბავშვები ერთმანეთს ემოციებით ვუყვებოდით: „ვა, ნახე, მარადონას რა მოუვიდა?..“

იმ დღეს აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ისიც ადამიანი ყოფილა.

No description available.

ერთ ამბავს გავიხსენებთ, რასაც მაშინაც ჰყვებოდნენ. დიეგო მარადონა 19 წლის იყო, არგენტინოს ხუნიორსში თამაშობდა და უკვე სასწაულ ფეხბურთელად ითვლებოდა. თითქმის მარტომ მოიგო 20-წლამდელთა მუნდიალი… ბოკა ხუნიორსის მეკარე უგო გატიმ პრესასთან აღნიშნა – მარადონა ტალანტია, მაგრამ გაბუქებულია, არც ისე მაგარია და თან მსუქანიაო…

ერთ თვეში მარადონას არგენტინოს ხუნიორსს ბოკასთან ჰქონდა მატჩი. გატი თამაშის დაწყებამდე მისულა დიეგოსთან და უთქვამს, პრესამ მოიგონა, მსგავსი არაფერი მილაპარაკიაო… ეტყობა, გრძნობდა, რაც ელოდა. დიეგომ არ დაუჯერა, ამ „არც ისე მაგარმა“ ბიჭმა“ 4 გოლი გაუტანა.

გავიდა რამდენიმე თვე და დიეგო სწორედ ბოკა ხუნიორში გადავიდა. იქ კი დაუმეგობრდა გატის.

No description available.

დიეგო მარადონა. ეს მისი პირველი დაბადების დღეა, როცა ვამბობთ – ამა და ამდენი წლის გახდებოდა. ჯერ მარადონამ რომ თამაშს თავი დაანება, ის იყო ტრაგედია; მერე კი მისი გარდაცვალება.

კიდევ ერთი შემთხვევა ამოტივტივდა გონებაში. 1993 წლის შემოდგომაზე არგენტინის ნაკრებს შესარცევში ძალიან გაუჭირდა, დიეგოს გარეშე კოლუმბიასთან 0:5 წააგეს და ფლეი-ოფი ელოდათ ავსტრალიასთან. დიეგო იმ დროს ნაკრებში აღარ თამაშობდა, კლუბშიც (ნიუელს ოლდ ბოიზში გახლდათ) იშვიათად ჩნდებოდა მოედანზე. ფეხი სტკიოდა…

მაგრამ გაუჭირდა არგენტინას და ავსტრალიასთან თამაშისთვის თურმე 10 დღე ჩაიკეტა, საკუთარ ეზოში სპეციალურად მოწყობილ მოედანზე ვარჯიშობდა.  10 კილოგრამი დაიკლო. ავსტრალიაში პირველი გოლი სწორედ მან შექმნა. 1:1 და 1:0 – არგენტინა გავიდა  და მსოფლიოზეც მაგრად დაიწყო, მერე კი… ეფედრინის ისტორია.

No description available.

დიეგო ასმილიონობით ადამიანის კერპი იყო. იყვნენ ისეთებიც, ვისაც არ უყვარდა. არ იყო ის ტიპაჟი, რომელიც ყველას ეყვარებოდა. ამიტომაც თქვა მარადონამ ეს ფრაზა:

„შეიძლება ვიყო თეთრი. შეიძლება ვიყო შავი. აი ნაცრისფერი კი არასოდეს ვიქნები“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *