ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო თბილისმა ბაქოს ნეფთჩის უმასპინძლა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ნეფთჩისთან 1:2 დამარცხდა.
მატჩი თბილისელთა უპირატესობით დაიწყო და ცხადაძის ფეხბურთელებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. გოლის გატანა გაბედავამ, რადინმა, მარუშიჩმა და კუციამ სცადეს, თუმცა ხან მეკარე ყოჩაღობდა, ხანაც მცირედით სცდებოდა ბურთი კარს.
თბილისელთ უპირატესობის მიუხედავად, ანგარიში ნეფთჩიმ გახსნა. 24-ე წუთზე იუსუფ ლავალის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, ნამიქ ალასკაროვმა კვასხვაძეს ბურთი თავზე გადაუგდო და მშვენიერი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მოცემულ მომენტში ქართველი მეკარე პოზიციურად შეცდა.
გაშვებულმა გოლმა დინამო არ დააბნია და 36-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. ზორან მარუშიჩმა საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა და მეტოქის კარი აიღო.
უნდა ითქვას, რომ დინამო წელს საუკეთესო თუ არა ერთერთ საუკეთესო მატჩს ატარებდა. თბილისელები კარგად გადადიოდნენ შეტევაში, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ბოლო ფაზაში ვერ ყოჩაღობდნენ.
მეორე ტაიმიც პირველის მსგავსად დინამოს უპირატესობით დაიწყო, თუმცა კვლავ სტუმრებმა შეაგდეს. 56-ე წუთზე ემინ მაჰმუდოვმა პენალტი გაიტანა.
პენალტის შემდეგ დინამო ისევ უტევდა, რეალური სახიფათო მომენტი ნაკლებად იქმნებოდა. დინამოელებმა ბოლოს კიდევ მოუმატეს, მაგრამ უშედეგოდ.
საბოლოოდ 1:2 და იმედი ვიქონიოთ, რომ დინამო განმეორებით მატჩში გაიმარჯვებს და შემდეგ ეტაპზე გავა. ამ გუნდებს შორის მეორე შეხვედრა 14 ივლისს ბაქოში ჩატარდება.