დინამო ბათუმმა კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე სივასპორს უმასპინძლა და მატჩი სტუმართა სასარგებლოდ 2:1 დასრულდა.
პირველი ტაიმიდან გამომდინარე თუ ვინმე მოგებას იმსახურებდა, ეს პირველ რიგში სწორედ გეგუჩაძის გუნდი იყო. შავი ზღვისპირელები ბევრად უკეთ უტევდნენ, ბურთსაც მეტად ფლობდნენ და საერთოდაც, თამაში ბათუმელთა კარნახით მიდიოდა, თუმცა ეს ყველაფერი მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.
პირველ ტაიმში ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჯოვინო ფლამარიონი, რომელიც ხშირად ამწვავებდა, თუმცა კარში დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა. პირველი ნახევარი უგოლო ფრით დასრულდა, თამაში კი ოპტიმიზმის საფუძველს იძლეოდა, თუმცა…
მეორე ტაიმიც ბათუმელთა აქტიურობით დაიწყო და ამან შედეგი 54-ე წუთზე გამოიღო. ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ლადო მამუჩაშვილმა ჯარიმა შესანიშნავად შეასრულა და ანგარიში გახსნა.
ამის შემდეგ კვლავ დინამო უტევდა, გამოსარჩევია გაფრინდაშვილის დარტყმული, რომელიც მცირედით ასცდა კარს.
75-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. შეცვლაზე შესულმა სამსონ ჯეიმსმა კუპატაძის კარი თავით აიღო. ამის შემდეგ ორმხრივი შეტევები ვნახეთ, გოლი კი სამწუხაროდ სტუმრებმა გაიტანეს. მეორე ტაიმისთვის დამატებულ მე-5 წუთზე, სივასპორმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ოკაიოდეს დარტყმის შემდეგ, კუპატაძემ ბრწყინვალე ბურთი აიღო, დამატებაზე კი კვლავ სივასპორის მე-9 ნომერმა ივარგა და 1:2.
გოლის შემდეგ, დინამოს კვლავ შეეძლო გატანა, თუმცა ნიქაბაძის დარტყმული მეკარემ მოიგერია. საბოლოოდ 1:2 და ამ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 12 აგვისტოს თურქეთში გაიმართება.
ფოტო: დინამო ბათუმის ფეისბუქ გვერდი