დინამო ბათუმი – ლამაზი ფეხბურთი და ბრწყინვალე მოგება ბორისოვოში

დინამო ბათუმი კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბატესთან შინ 0:1 მარცხის შემდეგ, ბორისოვოში ბელარუსებს ესტუმრა და 4:1 დაამარცხა. გეგუჩაძის შეგირდებმა ლამაზი ფეხბურთით მოიგეს, მოიგეს დამსახურებულად, მოიგეს შთამბეჭდავად.

პირველი ტაიმი ქართველთა უპირატესობით მიმდინარეობდა. ბათუმელებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა გოლი არ გადიოდა. გამოსარჩევია გიორგი ზარიას და ჯაბა ჯიღაურის დარტყმულები, ორივეს მცირედი დააკლდა გოლის გასატანად.

ანგარიში მასპინძლებმა პირველი ტაიმისთვის დამატებულ მეორე წუთზე გახსნეს. ჩაწოდებული ჯარიმის შემდეგ, კობახიძის და კუპატაძის შეუთანხმებელი თამაშის შედეგად, იაბლონკსიმ შეაგდო.

მეორე ტაიმი ბათუმელებმა აქტიურად დაიწყეს და 48-ე წუთზე გაათანაბრეს. მამუჩაშვილის ჩაწოდების შემდეგ, ბატეს ფეხბურთელს ბურთი ხელზე მოხვდა, პენალტი დაინიშნა და სტანდარტი ზუსტად თავად მამუჩაშვილმა შეასრულა.

59-ე წუთზე აჭარლები დაწინაურდნენ. გრიგოლ ჩაბრაძემ ბრწყინვალე გადაცემით მთელი დაცვის ხაზი მოჭრა და ჯოვინო ფლამარიონმა ახლოდან გაიტანა.

დინამომ მესამე გოლი 74-ე წუთზე შეაგდო. მარცხენა ფლანგიდან აზაროვის შორეული დარტყმა და 3:1. აღსანიშნავია, რომ მისი დარტყმის შემდეგ, ბურთმა ტრაექტორია შეიცვალა, რამაც მეკარეს საქმე გაურთულა.

მატჩს წერტილი შეცვლაზე შესულმა გიორგი ფანცულაიამ დაუსვა. მე-14 ნომერმა ტეიდისგან პასი მიიღო, სწრაფად გაიქცა და 1 1-ზე აღმოჩნდა, რის შემდეგაც შანსი ხელიდან არ გაუშვა.

სათქმელია, რომ ფანცულაიას გოლამდე რამდენიმე წუთით ადრე ლაზარე კუპატაძემ ბრწყინვალე სეივით გუნდი გადაარჩინა. საბოლოოდ 4:1 და დინამო ბათუმი შემდეგ ეტაპზეა, სადაც სივასპორს დაუპირისპირდება.

დინამო ბათუმმა დღეს ლამაზი ფეხბურთი ითამაშა, რომლითაც სივასპორთან უშანსოდ არამც და არამც არ იქნება. ეს გუნდი დღითი დღე პროგრესირებს და იმედია ასე დიდხანს გაგრძელდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *