დინამო ბათუმმა სან მარინოში გაილაღა, გაგრა მინიმალური სხვაობით დამარცხდა

ქართულმა გუნდებმა კონფერენს ლიგაზე მორიგი მატჩები გამართეს. დინამო ბათუმი სან მარინოში ტრე პენეს ესტუმრა და 4:0 დაამარცხა. მთელმა მატჩმა ბათუმელთა უპირატესობით ჩაიარა, გეგუჩაძის დამოძღვრილები მე-18 წუთზე უკვე 3:0-ს იგებდნენ. ანგარიში მე-8 წუთზე გიორგი ფანცულაიამ გახსნა, 2 წუთში ვლადიმერ მამუჩაშვილმა შეაგდო. მე-18 წუთზე ჯაბა ჯიღაურმაც გაიტანა, რომლის ანგარიშზეც საგოლე გადაცემა იყო. აღსანიშნავია, რომ თამაშის დღეს ჯიღაური იუბილარი გახლდათ და ეს მოედანზე სათანადოდ აღნიშნა.

მეორე ნახევარიც ბათუმელთა უპირატესობით წარიმართა. შეცვლაზე შესულმა გიორგი ზარიამ 58-ე წუთზე მოხდენილი დარტყმით შეაგდო. დინამოს კიდევ შეეძლო გატანა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა. ამ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 15 ივლისს ბათუმში ჩატარდება.

სათქმელია, რომ ტრე პენეს რიგებში მილანის ინტერის და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დუგლას მაიკონი თამაშობდა.

მეორე ქართული გუნდი გაგრა მონტენეგროში სუტიესკას შეხვდა და 0:1 დამარცხდა. გაგრამ ევროტურნირებზე 2011 წლის შემდეგ პირველად ითამაშა, გარდა ამისა მოგეხსენებათ ლიგა 2-შია. გაგრელებმა მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და გოლის გატანის შანსიც ჰქონდათ. ამ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 15 ივლისს თბილისში გაიმართება. გაგა კირკიტაძის გუნდს ანგარიშიდან გამომდინარე შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი აქვს და იმედია გაგრელები წარმატებას მიაღწევენ.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *