დინამო ბაქოში შეცდომებით დამარცხდა

დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კვლავ დამარცხდა. თბილისში ბაქოს ნეფთჩისთან 1:2 წაგების შემდეგ, ცხადაძის გუნდი აზერბაიჯანელებს ესტუმრა და იგივე ანგარიშით წააგო.

პირველ ტაიმში დინამო ცუდი არ იყო, პირიქით, შეტევაში კარგად გადადიოდა, თუმცა რეალური სახიფათო მომენტის შექმნა ჭირდა. თბილისური მატჩის მსგავსად გამორჩეული იყო ლევან ხარაბაძე. ასევე კარგი შთაბეჭდილება დატოვა მილან რადინმა.

სამივე გოლი მეორე ტაიმში ვიხილეთ. 51-ე წუთზე ხარაბაძის ძლიერი დარტყმის შემდეგ, ბურთი ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კუციამ ითამაშა და ნეფთჩი კვლავ გადარჩა, მესამე ცდაზე კი რადინმა დაარტყა და შეაგდო.

დინამოს სიხარულმა დიდხანს არ გასტანა. როინ კვასხვაძემ ბურთი ძალიან ცუდად მიიღო, უხეში შეცდომა დაუშვა, მეზა კოლი წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც მაჰმუდოვმა 58-ე წუთზე ზუსტად შეასრულა. რაც შეეხება კვასხვაძეს, ამ ორ რაუნდიან დაპირისპირებაში მან მეორე უხეში შეცდომა დაუშვა. ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუნდის მთავარი კიპერისგან მსგავსი თამაში კატეგორიულად მიუღებელია.

მალე ნეფთჩიმ ისევ შეაგდო. 68-ე წუთზე ალესგეროვმა ბურთი საჯარიმოში მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ 2 მცველის გარემოცვაში იყო, ხელი ვერავინ შეუშალა და ახლოდან შეაგდო.

დინამო გატანას კი შეეცადა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. არაფერი გამოუვიდა მარუშიჩს, გაბედავას, კუციას და კიდევ ბევრს, რომლისგანაც ბევრს ველით. თბილისის დინამო ევროპა ლიგაზე გადაერთო, სადაც მისი მეტოქე მაკაბის ჰაიფა იქნება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *