დინამო თბილისმა კახა ცხადაძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა, სპორტულ დირექტორად ალექსანდრე რეხვიაშვილი დაინიშნა

თბილისის დინამოს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ახალი სპორტული დირექტორი ალექსანდრე რეხვიაშვილი წარადგინა. მისივე თქმით, გუნდმა კახა ცხადაძესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ცხადაძე დინამოს კიდევ 2 წელი უხელმძღვანელებს.

რომან ფიფია: “2 წლის წინ ზაზა დოლიძესთან ერთად შევთანხმდი, რომ გუნდში ბორდი უნდა ჩამოყალიბებულიყო, თუმცა კოვიდ პანდემიამ ხელი ძალიან შეგვიშალა. ამიერიდან დინამოში ბორდი იქნება. 

მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ 10 წლის განმავლობაში არცერთ მწვრთნელზე არ მიმითითებია ფეხბურთელი დაეყენებინა თუ არა. არის აგენტების კატეგორია, რომლებიც მოქმედებენ მოთამაშეებზე და მათ მშობლებზე, შემდეგ კი გვიჭირს მათი შენარჩუნება.

წლევანდელი ევროტურნირები რამდენიმე ფეხბურთელმა შეიწირა. ეს მოთამაშეები წინამორბედებმა მწვრთნელებმა მოიყვანეს. მაქსიმალურად ყველა მიმართულება პროფესიონალებს ჩაბარდება. დანარჩენი ცხადია ფეხბურთელებზეცაა დამოკიდებული. პირადად მე რისი გაკეთებაც შემიძლია დინამოსთვის, ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო. შეიძლება სადღაც დავაკელი, რადგან ფინანსური პრობლემები იყო. 1 ადამიანი არ გამიშვია სამსახურიდან. მხოლოდ 1 პრეტენზია მაქვს, ყველაფერს რეალურად უნდა შევხედოთ, არა რაღაც ქილიკით. 

უკვე 10 წელია დინამოში ვარ. მიხარია, რომ რეხვიაშვილთან და ცხადაძესთან შეთანხმებას მივაღწიეთ. ამ 10 წლის განმავლობაში 2 მსგავსი პროფესიონალი დინამოში ერთად არ ყოფილა.

ალექსანდრე რეხვიაშვილი: კონკრეტულ საკითხებს არ შევეხები, დრო გვაჩვენებს იმ მიმართულებას საითაც წავალთ. აქცენტი აკადემიის ფეხბურთელებზე გაკეთდება. გვსურს როცა ყველა ეტაპს გაივლიან ბიზნეს პროექტის ნაწილნი გახდნენ. დინამოში დიდი პოტენციალია დაწყებული აკადემიით, გაგრძელებული დინამო ორით და დამთავრებული მთავარი გუნდით. 

დინამოს სიყვარული ჯერ კიდევ 12-13 წლის ფეხბურთელებს უნდა ჩავუნერგოთ. მათ უნდა იფიქრონ, რომ ჯერ დინამოს წინაშე მოიხადონ ვალი და მერე გადავიდნენ სხვა გუნდში. ფეხბურთელისთვის ოცნება უნდა იყოს დინამოს მთავარ გუნდში თამაში. კახასთან მიმუშავია და ვიცი როგორი მომთხოვნია ახალგაზრდებთან და როგორი მიდგომა აქვს მათთან. დიდი იმედი მაქვს, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც იზრდებიან, მალე დაიმკვიდრებენ ძირითადში ადგილს. შემდეგ ჩვენზე იქნება დამოკიდებული სად გააგრძელებენ კარიერას. ეს არის ყოველდღიური მუშაობა. თუ ჩვენ ამ საქმეს ჩავუდექით, ესეიგი ბევრი რამ გადავდეთ გვერდზე. ძალიან დიდი გამოწვევაა ჩემთვის დინამოში მუშაობა. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. მთავარია ერთად ვიმუშავოთ. 

ლეგიონერის ჩამოყვანა იმას არ ნიშნავს, რომ ფეხბურთელი 100%-ით გაამართლებს. არის ბევრი საყოფაცხოვრებო საკითხი, რაშიც გვერდში დგომა სჭირდება, რომ თავი კარგად იგრძნოს და შემდეგ საქმის კეთებაშიც არ შეეშლება ხელი. 

კახა ცხადაძე: პირველ რიგში დიდი მადლობა ბატონ რომან ფიფიას ნდობისთვის. ჩვენ შევთანხმდით, რომ საკითხები გლობალურად არის გადასაწყვეტი. რომან ფიფიას მსგავსი ადამიანები ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ ფეხბურთში. თბილისის დინამო ყველასთვის საყვარელი გუნდია და ბოლო პერიოდში სამწუხაროდ საძულველ გუნდად იქცა. ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც მისი საქმეა. რადგან ადამიანი პასუხისმგებლობას იღებს, ის იმ მომენტში ყველაფრის პასუხისმგებელია. მივედით იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელი იყო სპორტული დირექტორი. რეხვიაშვილს ვულოცავ დინამოს სპორტული დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნას. დარწმუნებული ვარ ჩვენი ერთად მუშაობა შედეგს გამოიღებს. გუნდის დაკომპლექტებაში არ მიგვიღია მონაწილეობა, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ბოლო პერიოდში აკადემიიდან ბევრი ფეხბურთელი ამოვწიეთ. ამას ცხადია რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის დამატება სჭირდება, რომლებიც ახალგაზრდებისთვის მაგალითი იქნებიან. ვმუშაობთ იმ საკითხზე, რომ გამოცდილი ქართველი ფეხბურთელები დავაბრუნოთ თბილისის დინამოში, იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება. ფეხბურთელი არა ადრეულ ასაკში, არამედ მომწიფებული წარმატებული სეზონის შემდეგ წავლენ უცხოეთში. ადრე უმეტესად თბილისის დინამოს ფეხბურთელები იყვნენ ნაკრებში, ეხლა ბათუმის დინამოს აქვს მსგავსი სტატუსი და ეს ძალიან კარგია, თუმცა თბილისის დინამო სხვაა, ეს გუნდი ბრენდია. დილიდან საღამომდე აქ ვართ და ვმუშაობთ იმისთვის, რომ ფეხბურთელები განვითარდნენ. 

ჩვენი საქმეა ფეხბურთელი დავარწმუნოთ, რომ დინამოში იმუშავოს. ეს მოთამაშეები პირველ რიგში პროფესიონალები უნდა გავხადოთ. ჩვენმა ფეხბურთელებმა უნდა დაიჯერონ, რომ ხელს კი არ შევუშლით, მაშინ გავუშვებთ როცა მზად იქნება. პრეზიდენტისგან გვაქვს იმის გარანტია, რომ ფეხბურთელებს ფინანსურ საკითხებზე სანერვიულო არ ექნებათ. 

ანანიძემ რთული ოპერაცია გაიკეთა. რამდენიმე დღის წინ მუხლი კვლავ ატკივდა. ჯერ იმის თქმაც არ შეგვიძლია თუ როდის შეუერთდება გუნდს. ჯანო დიდი ძალაა. თუ ფორმაში ჩადგება იგი კვლავ დაეხმარება საქართველოს ნაკრებს.  

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *