თქვენს წინაშე კარგი წიგნია. ეს არის წიგნი, რომელიც ქართულ ფეხბურთს ისევე სჭირდება, როგორც გოლები. ის 22-28 ივლისს, ექსპო ჯორჯიაში, წიგნის ფესტივალზე გაიყიდება.
მე იმ თაობის ადამიანი გახლავართ, რომლისთვისაც ფეხბურთი გაცილებით მეტია, ვიდრე სპორტის სახეობა. ჩვენ, განვითარებული სოციალიზმისა და მისი წინარე ეპოქის ბავშვები, საფეხბურთო ლეგენდებით ვიკვებებოდით და ერთმანეთის მონაყოლს ხარბად ვეწაფებოდით. სხვა გამოსავალი არ გვქონდა. ნამდვილ ისტორიას ხომ არავინ გვიამბობდა. რასაკვირველია, ბავშვის ჭკუითაც ვხვდებოდით, რომ ზოგი ლეგენდა სხვაზე ნაკლებად სარწმუნო იყო, მაგრამ ერთსაც ვერ ველეოდით. ყველა გვჭირდებოდა, რადგან ჰაერივით გვჭირდებოდა თავად ფეხბურთი — ჩვენი ყოველდღიურობის, კულტურის დიდი ნაწილი, თვითგამოხატვის საშუალება, დაპატიმრებული პატრიოტიზმის გაუცნობიერებელი გამოვლინება.
უკვე ასაკოვანი ვიყავი, როდესაც პირველად შევიტყვე ადოლფ ადოლფის ძე ელზინგერის შესახებ და მას მერე საოცრად მწყდება გული, რომ თბილისური ფეხბურთის კლუბ „კომეტას“ ფუძემდებელზე, კაცზე, რომელმაც მე-20 საუკუნის პირველ წლებში ინგლისურიდან ფეხბურთის წესები გვითარგმნა, ფაქტობრივად არაფერია ცნობილი.
ჩვენ, დაზუსტებით ისიც არ ვიცით, როგორ მოჰყვებოდა ფეხბურთი მატარებლის ლიანდაგს ბაქოს ნავთობთან და ინგლისელ მენავთობეებთან ერთად კასპიის ზღვიდან თბილისისკენ და არც ის, როგორ შემოდიოდა ეს თამაში ზღვიდან ბათუმისა და ფოთის პორტებში, საიდანაც მერე მთელს საქართველოში იქსაქსებოდა.
ამიტომაც მინდა მოგილოცოთ, რომ თქვენ ახლა ხელში გიჭირავთ ძალიან საჭირო წიგნი (გამომცემლობა „პოეზია პრეს“), ისტორიული ნაშრომი, დავით ჯიშკარიანის „ბუცები და ტყავის ჩექმა“, ქვესათაურით: თბილისის დინამო ჩეკისტების კლუბიდან ეროვნულ სიმბოლომდე (1925-1953). ვფიქრობ, ქვესათაური წიგნს ყოველგვარ ქვეტექსტს უხსნის და პირდაპირ გვეუბნება მის დედააზრს — თუ რა საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა დიდმა ქართულმა კლუბმა თავისი არსებობის მანძილზე. დინამო ხომ პირქუშ, დაუნდობელ დროში შემაძრწუნებელმა სახელმწიფო პოლიტიკურმა სამმართველო კოლეგიამ (ОГПУ) დააარსა როგორც საკავშირო მასშტაბის პროლეტარული საზოგადოება, მაგრამ გავიდა რამდენიმე ათწლეული და ჩვენთან, საქართველოში, ის წარმოუდგენელი ძალის ეროვნულ სიმბოლოდ იქცა.
კითხულობ წიგნს და ხედავ, რომ ავტორს დიდი სამუშაო გაუწევია. შეხვედრია, მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის დინამოელთა და წიგნისთვის მნიშვნელოვან სხვა ადამიანთა შთამომავლებს. დაუმუშავებია ბოლოხანს სამწუხაროდ მივიწყებული წიგნები ქართული ფეხბურთის ისტორიის შესახებ. გამოუკვლევია საბჭოთა საქართველოს კომუნისტ ლიდერთა საფეხბურთო ვნებები. დაუსვამს კითხვა, რისთვის სჭირდებოდათ მათ ძლიერი ფეხბურთის გუნდი — ეს მხოლოდ ემოცია იყო თუ უწყებათაშორისი ბრძოლებისა და კრემლისქვეშეთში პოზიციების გასამყარებლად საჭირო სვლები.
და ამ კითხვებზე პასუხის ძიებაში ავტორი გვიყვება საინტერესო, ხშირ შემთხვევაში სულისშემძვრელ ისტორიებს. ვიხსენებთ ურთულესი ბედის მქონე კაცს, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ პირველ ვარსკვლავს გიორგი (ფსიშკა) ვაჩნაძეს; დაწვრილებით ვეცნობით ბასკი ფეხბურთელების ჩამოსვლას საბჭოთა კავშირსა და კერძოდ თბილისში; ვიგებთ იმ ფეხბურთელების საოცარ ამბებს, რომლებიც მატჩის შემდეგ გალიფე შარვლებს, ტყავის ჩექმებსა და ქურთუკებს იცვამდნენ და შინსახკომის დავალებებზე დადიოდნენ; შემდეგ, ვიგებთ თავად მათი დაჭერისა და საგანგებო კომიტეტის ჯურღმულებში ურთიერთდაპირისპირების ამბებს; აღმოვაჩენთ მძარცველი ფეხბურთელების უცნობ ისტორიებს და იმას, თუ რა კავშირი აქვს ქართული ტაძრების არქიტექტურას ლავრენტი ბერიას სახელობის „დინამოს“ სტადიონთან…
ვფიქრობ, მეტად აღარ უნდა მოგაცდინოთ. თავად წიგნის წაკითხვაზე უკეთესს მაინც ვერაფერს შემოგთავაზებთ და იმედია, როდესაც ბოლო ფურცელსაც ჩაიკითხავთ, უპირველეს ყოვლისა დამეთანხმებით — ასეთი წიგნები გაცილებით მეტი უნდა გვქონდეს. ჩვენი ფეხბურთის მრავალმხრივ მდიდარი ისტორია საფუძვლიან შესწავლასა და ცოდნას ნამდვილად იმსახურებს.