დორტმუნდმა ჩელსი დაამარცხა – დიდი ინტრიგა სტემფორდ ბრიჯზე…

სიგნალ იდუნა პარკზე, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი შეხვედრა გაიმართა – დორტმუნდმა ჩელსი მიიღო. გერმანიაში, ამ სტადიონზე, შავ-ყვითლებს ნებისმიერის დამარცხება შეუძლიათ და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს. მთავარი შემოქმედები? – ემრე ჩანი, კობელი, ადეიემი და “ყვითელი კედელი”. პირველმა ორმა მეტოქეს გოლი არ გაატანინა, ადეიემმა გოლი მოიგონა – ჯერ რა მიღება, შემდეგ ენცო ფერნანდესი გააქრო, ბოლოს არისაბალაგაც მოატყუა და ცარიელი კარი აიღო – ხოლო “ყვითელმა კედელმა” ფეხბურთელი განსაკუთრებულად დამუხტა. ბორუსიას გულშემატკივრები მსოფლიოში ერთერთი საუკეთესონი რომ არიან, ამ მატჩშიც დაამტკიცეს.

ჩელსიზე რა შეიძლება ითქვას? პრემიერლიგაში საქმე კარგად არ მისდით, თუმცა ეს შეხვედრა ინგლისურ დაპირისპირებებს არ ჰგავდა. ლონდონელებმა კარგად ითამაშეს, გოლთან ახლოს ბევრჯერ იყვნენ, თუმცა ხან რა დააკლდათ, ხან რა. ეს არც გვიკვირს, ბევრი ახალი ფეხბურთელია და პროექტი არა მყისიერ შედეგზე, არამედ მომავალზეა გათვლილი. ყველა პოტერი ჯადოქარი არ არის.

მეორე მატჩში, სადაც ბრიუგეს ბენფიკა ეწვია, ყველა ინტრიგა დასამარდა. ბელგიური გუნდი, ბოლო პერიოდში, ცუდ ფორმაშია და ფავორიტად “არწივები” ითვლებოდნენ, რაც გამართლდა კიდეც – 0:2 და მეტიც შეიძლებოდა. გამსვლელთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არსებობს? ჩვენი შეფასებით, არა…

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *