დრამა და ქამბექი ქუთაისში – ტორპედო ეროვნულ ლიგაში დარჩა

ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის პლეი-აუტში ქუთაისის ტორპედომ მარტვილის მერანს უმასპინძლა. ქუთათურებს პირველი შეხვედრა 0:2 ჰქონდათ წაგებული, დღეს ძირითადი დრო 2:0 მოიგეს, დამატებითში 1 შეაგდეს და საბოლოოდ თამაში მოიგეს, უძლიერესთა რიგებში კი ადგილი შეინარჩუნეს.

მთელმა მატჩმა ტორპედოს უპირატესობით ჩაიარა. ცეცაძის შეგირდები პირველივე წუთებიდან უტევდნენ. სახიფათო მომენტები იქმნებოდა, თუმცა ხან ბეგაშვილი თამაშობდა კარგად, ხანაც მერანის დაცვა. განსაკუთრებით გამოსარჩევია თორნიკე ახვლედიანი, რომელმაც გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა, მეორე ნახევარში კი ტორპედოს აქტიურობამ შედეგი გამოიღო. სწორედ ჩვენ მიერ ნახსენები თორნიკე ახვლედიანის წაქცევისთვის დაინიშნა პენალტი, რომელიც მათე ცინცაძემ 64-ე წუთზე გოლად აქცია.

დრო გადიოდა ტორპედო კი კვლავ უტევდა. ცეცაძის შეგირდებმა მეორე ბურთი 87-ე წუთზე შეაგდეს. ცინცაძის ჩაწოდების შემდეგ, შეცვლაზე შესულმა ალეკ მუდიმუმ ახლოდან თავით გაიტანა.

დამატებით ტაიმებში კვლავ ტორპედო აქტიურობდა, ქუთაისელები უკვე ფსიქოლოგიურ უპირატესობასაც ფლობდნენ, მალე მესამე და გადამწყვეტი გოლიც გავიდა. 102-ე წუთი იყო როცა შეცვლაზე შესული მახარობლიძის გადაცემის შემდეგ, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა თორნიკე ახვლედიანმა გაიტანა და ქუთაისელთა გულშემატკივრებს უდიდესი სიხარული მიანიჭა.

ამის შემდეგ ტორპედომ მშვიდად მიიყვანა მატჩი სასურველ გამარჯვებამდე და ცეცაძის დამოძღვრილები შემდეგ სეზონშიც ეროვნულ ლიგაში ითამაშებენ, მარტივილის მერანი კი ეროვნულ ლიგა 2-ში დარჩა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *