დრამა, ქამბექები და კარგი ტაიმი – სამგურალი თასის ფინალში გავიდა

საქართველოს თასის 1/2 ფინალი ქობულეთში ჩელე არენაზე გაიმართა, სადაც სამგურალი შუქურას ესტუმრა და დრამატულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

სანამ უშუალოდ მატჩზე გადავიდოდეთ, უნდა ითქვას, რომ ფეხბურთელებს საკმაოდ რთულ პირობებში მოუწიათ თამაში. მოედანი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, რაც მოთამაშეებს საქმეს ერთი ორად ურთულებდათ.

პირველ ტაიმში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. აღნიშნული მიზეზის გამო, სახიფათო მომენტები ნაკლებად იყო. უმეტესად ბრძოლა ვნახეთ, აი მეორე ტიამი კი გაცილებით საინტერესო გამოდგა.

ანგარიში 67-ე წუთზე გაიხსნა. სამგურალმა ჯარიმის ჩაწოდების უფლება მიიღო, სტანდარტი ლექვთაძემ შეასრულა, რის შემდეგაც ქურდაძემ თავით დაარტყა, მეკარემ ბურთი მოიგერია და დამატებაზე ალექსანდრე ვერულიძემ შეაგდო. 77-ე წუთზე შუქურას ჯერი დადგა, ქობულეთელებმა სტანდარტი გაითამაშეს, ბექა ვერულიძემ ახლოდან დაარტყა, რის შემდეგაც ქვილითაიამ ბურთი ვერ შეიმაგრა და ანგარიში გათანაბრდა.

გოლის შემდეგ შუქურა გააქტიურდა და წინ გავიდა. 83-ე წუთზე მუსელიანის დარტყმის შემდეგ ბურთი ქვილითაიამ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას გაფრინდაშვილმა დაასწრო და 2:1 გახდა. ქობულეთელთა სიხარული 4 წუთს გაგრძელდა. შეცვლაზე შესული ჩიხლაძის ჩაწოდების შემდეგ, ნიკა ჭანტურიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. შეხვედრის გადამწყვეტი გოლი 89-ე წუთზე გავიდა. პაპუნა ფონიავამ შორიდან გაისროლა და მატჩს წერტილი დაუსვა.

წყალტუბოს სამგურალი თასის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. მეორე ფინალისტის ვინაობა დღესვე გაირკვევა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საბურთალო დინამო ბათუმს მიიღებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *