დროა მსაჯებიც დაისაჯონ? (Video)

მსოფლიო რაგბის მსაჯობასთან დაკავშირებული პრობლემები აზანზარებს. უკმაყოფილება თანამადროვე რაგბის არბიტრთა დონით სულ უფრო იზრდება. ყველაფერი სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილი თავკაცის რასი ერასმუსის მიერ ავსტრალიელი მსაჯის ნიკ ბერის საჯარო კრიტიკით დაიწყო. ეს ბოკესა და ბრიტანელი ლომების პირველი მატჩის შემდეგ მოხდა. ამ გამოხდომისთვის მსოფლიო რაგბიმ ერასმუსი უმკაცრესად დასაჯა.

თუმცა, ამით ყველაფერი არ დასრულებულა. პრობლემა, რომელიც რეალურად არსებობს ვერ დაიმალა. ამას ნოემბრის ტესტებისას საქართველოს ნაკრების კაპიტანის, მერაბ შარიქაძის კრიტიკა მოჰყვა. ბორჯღალოსნების წინამძღოლმა ქარცეცხლში საფრანგეთთან მატჩის შემდეგ ასევე ავსტრალიელი დეიმონ მერფი გაატარა:

“არ მიყვარს მსაჯებზე ლაპარაკი. ასეთ თამაშებში მსაჯს დიდი გავლენა აქვს. ყველამ ვიცით, რომ საფრანგეთი ჩვენზე ძლიერია, ამიტომ მათ დახმარება ისედაც აღარ სჭირდებათ. ვფიქრობ, მსაჯი ჩვენს მიმართ ძალიან მკაცრი იყო. ის ჩვენ გვაჯარიმებდა, მეტოქეს – არა. თუ ამ მატჩს თავიდან უყურებთ, დარწმუნებული ვარ, ნახავთ, რომ მან ფრანგები ძალიან ბევრჯერ არ დააჯარიმა. გთხოვთ, უყურეთ თამაშს და გაანალიზეთ. ეს ნამდვილად არ იყო სამართლიანი მსაჯობა.

ჩვენთვის ეს ყოველივე ძალიან ძალიან დიდი იმედგაცრუებაა, რადგან ასეთ შეხვედრებში მონაწილეობის მიღების საშუალება ხშირად არ გვეძლევა. ვცდილობთ, მოედანზე 100 პროცენტით დავიხარჯოთ და ძალიან სამწუხაროა, რომ ვიღაც მთელი თამაშის განმავლობაში არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს და დიდი ანგარიშით მარცხდები. რა თქმა უნდა, შეცდომას ყველა უშვებს, მაგრამ იმედი მაქვს, მომდევნო ჯერზე უკეთესი მსაჯობა იქნება.”

კრიტიკის მორიგი ტალღა ისევ სამხრეთ აფრიკიდან წამოვიდა. ბოკემ  ნოემბრის ტესტების ბოლო მატჩში ინგლისთან წააგო. მსაჯობაზე ამჯერად კომენტარი სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ყოფილმა ასისტენტამა სვის დე ბრიუინმა გააკეთა. ეს ის დე ბრიუინია, საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე ბორჯღალოსნების მთავარ მწვრთნელად დანიშვნას რომ უპირებდა.

“მე გეტყვით როგორ უნდა მოვიქცეთ. მსაჯები უფრო მკაცრად უნდა დაისაჯონ. ყველამ პასუხი უნდა აგოს თავის ნამოქმედარზე. მსაჯებო თქვენ უდიდეს არენაზე იმყოფებით. შესრულებულ სამუშაოში ჯამაგირს გიხდიან. მაშ, როდემდე უნდა იტიროთ – აი, ის ჩემზე ზეწოლას ახორციელებს. – თქვენ ნორმალური პროდუქტი უნდა შექმნათ და, არა ის, რასაც ამჟამად ვხედავთ” – თქვა სვის დე ბრიუინმა.

ერთი სიტყვით, პრობლემა ზედაპირზე დევს და მას სასწრაფოდ გადაჭრა სჭირდება. ვფიქრობთ, ვითარება წესების გამკაცრებამ გაამწვავა. მსაჯები თითქმის ერთნაირ სიტუაციაში სხვადასხვა გადაწყვეტილებას იღებენ, რაც მოთამაშეებსაც და ქომაგებსაც ერთობ აბნევს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *