NBA-ს 2021-22 წლების რეგულარულ სეზონში “ინდიანას” და “მილუოკის” გზები მეოთხედ გადაიკვეთა, შესაბამისად გოგა ბითაძეს მეოთხედ მოუწია სანდრო მამუკელაშვილის წინააღმდეგ თამაში. მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მასპინძელმა “ბაქსმა” 128-119 იმარჯვა, გადამწყვეტი კი იანის ანტეტენკუმპოს 50 ქულა იყო.
შეხვედრაში მონაწილეობა ორივე ქართველმა მიიღო – გოგა “ინდიანას” სასტარტო ხუთეულში იყო, პარკეტზე 25 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 12 ქულა (6-დან 4 ორქულიანი, 8-დან 4 საჯარიმო), 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა იყო.
სანდრო მამუკელაშვილი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო – 10 წუთში “მამუმ” 6 ქულა და 2 მოხსნა “გაშანსა” (ჩააგდო 3-დან 3 ორქულიანი).
პირველ მეოთხედში იანის ანტეტენკუმპომ 12 ქულა ჩააგდო და მისი გუნდი 34-27 გალიდერდა. მეორე პერიოდში ბადი ჰილდის(36 ქულა) და ტაირის ჰალიბარტონის(17 ქულა, 8 პასი) ზუსტი ტყორცნების შედეგად “ინდიანა” მცირე ხნით გალიდერდა, თუმცა “ბაქსის” სათადარიგო გამთამაშებელმა ლინდელ ვიგინტონმა ზედიზედ 2 სამქულიანი ჩააგდო და საკუთარი გუნდის 12-2 გაქცევას სათავე დაუდო. “მილუოკი” პირველი ტაიმის შემდეგ 69-63 იგებდა, იანისის ანგარიშზე კი უკვე 18 ქულა იყო.
მესამე მეოთხედის სტარტზე მასპინძელთა უპირატსეობამ 9 ქულას უწია, თუმცა “პეისერზმა” დიდი წვალებით მაინც მოახერხა სახიფათო დისტანციაზე მიახლოვებოდა მეტოქეს. გადამწყვეტ მომენტში ლიდერობა საკუთარ თავზე ისევ იანისმა აიღ, რომელმაც ჯერ სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ ორჯერ საშუალო დისტანციიდან მოათავსა ბურთი მეტოქის კალათში და საკუთარი გუნდის ჰანდიკაპი +14-მდე აწია.
დარჩენილ დროში “მილუოკის” აღარ გასჭირვებია შეხვედრის ლოგიკურ გამარჯვებამდე მიყვანა – 128-119.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე იანის ანტეტენკუმპო გახდა, რომლის ანგარიშზეც 50 ქულა და 14 მოხსნა იყო. ბერძენმა კალათბურთელმა პირველ მეოთხედში 12 ქულა ჩააგდო, მეორეში 6, მესამეში 13, ხოლო მეოთხეში 19. ფლეიოფების მოქმედმა MVP-მ თამაშიდან 21 ბურთი ესროლა, საიდანაც 17 ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი 18-დან 14.
ანტეტენკუმპოს 9 წლიან კარიერაში, ეს რიგით მეოთხე თამაში იყო, როდესაც ბერძენმა 50+ ქულა ჩააგდო.