ინგლისელი მუსიკოსი, ედ შირანი საფეხბურთო კლუბ „იფსვიჩ თაუნის“ მთავარი სპონსორი გახდა, მომდევნო სეზონის ბოლომდე, კლუბის მამაკაცთა და ქალთა მთავარ გუნდებს მაისურის წინა მხარეს მუსიკოსის ალბომისა და ტურნეს სახელი ÷ Tour ექნებათ გამოსახული.
რანგით მესამე ლიგაში მოასპარეზე გუნდი ამ სეზონში ამერიკელმა ინვესტორებმა იყიდეს და დიდი გეგმები აქვთ. უახლოეს წლებში გუნდმა პრემიერლიგის საგზური უნდა მოიპოვოს. მუსიკოსი კლუბის ერთგული ფანია, ის თითქმის ყველა საშინაო მატჩს ესწრება და გუნდის მაისურებით კონცერტებზეც გამოდის.
„ადგილობრივ მოსახლეობას გუნდი უზომოდ უყვარს, მინდოდა, მათთვის მხარდაჭერა მეჩვენებინა და ეს ნაბიჯი გადავდგი, ეს კლუბი ჩემი ცხოვრების ნაწილია, უზომოდ მიყვარს და მჯერა, რომ წინ ბევრი გამარჯვებები გველოდება“, – განაცხადა მუსიკოსმა.
თავის მხრივ, კლუბი აღნიშნული სასპონსორო ხელშეკრულებით ძალიან გახარებულია.
„ის საოცარი მუსიკოსია, ფეხბურთელების უმრავლესობა და ჩვენ მისი აქტიური მსმენელები ვართ, ის კი ჩვენი გულშემატკივარია და შესაბამისად, ერთმანეთისთვის ახლო ადამიანებს წარმოვადგენთ. გვიხარია აღნიშნული თანამშრომლობის დაწყება და დასახულ მიზნებს ერთად უნდა მივაღწიოთ“, – ამბობს კლუბის გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი, როზი რიჩარდსონი.
ახალი სპონსორის ლოგოთი გაფორმებული მაისურები მალე გასაყიდადაც ჩაეშვება. გულშემატკივრებს მისი შეძენა „იფსვიჩის“ ფან მაღაზიებში შეეძლებათ.