ევროლიგის ფინალში “ეფესი” “რეალს” დაუპირისპირდება

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში სტარტი აიღო ევროლიგის ოთხთა ფინალმა. ორივე ნახევარფინალური დაპირისპირება უაღრესად საინტერესო, დრამატული და ემოციებით დატვირთული გამოდგა.

პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს ბერძნული “ოლიმპიაკოსი” და თურქული “ანადოლუ ეფესი” დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა საკმაოდ მწირქულიანი გამოდგა – ორივე გუნდი დაცვაში ბევრად უკეთესად ირჯებოდა, ვიდრე შეტევაში.

null

შეხვედრის საწყის წუთებში ბერძნული კლუბი ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა – ალექსანდრ ვეზენკოვის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე “ოლიმპიაკოსი” 14:7 დაწინაურდა.

ევროლიგის მოქმედი ჩემპიონები დროულად გამოფხიზლდნენ – “ეფესის” კაპიტანმა ბრაიან დანსტონმა ჯერ სამქულიანი ჩააგდო, ხოლო შემდეგ კი დაცვაში დომინანტურად დააფარა მოწინააღმდეგეს. ამ მოვლენებიდან რამდენიმე წამში ელაიჯა ბრაიანტმა შორიდან “დააქუხა” სამქულიანი და თურქული კლუბი უკვე წინ იყო ანგარიშში 16:14.

მეორე მეოთხედში “ოლიმპიაკოსი” გაცილებით უკეთეს კომბინაციურ კალათბურთს თამაშობდა – შაკილ მაკისიკმა და ჰასან მარტინმა 3 წამიანი ზონიდან არაერთხელ აიღეს ქულები, საპასუხოდ კი შეინ ლარკინი “კბენდა” პირეოსულ გუნდს შორი დისტანციებიდან.

მეორე ტაიმის სტარტზე “ეფესმა” ანგარიშში მორიგი გაქცევა მოუწყო მეტოქეს და მათმა უპირატესობამ +11 ქულასაც მიაღწია. “ოლიმპიაკოსის” მთავარმა მწვრთნელმა გეორგიოს ბარძოკასმა დროული წუთშესვენება აიღო და ტაიმაუტიდან დაბრუნებული ბერძნული გუნდი ბევრად უკეთესად ათამაშდა.

მესამე მეოთხედის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ტაილერ დორსიმ პერიმეტრზე ბურთი მიიღო და სირენასთან ერთად “ბაზერბითერი” ჩასვა კალათში 63:66.

null

უკანასკნელ, მეოთხე მეოთხედში ნერვების ომის მიმდინარეობდა – სტამბოლური გუნდი რამდენჯერმე გავიდა წინ, მაგრამ ყველა შემთხვევაში “ოლიმპიაკოსმა” დროული “ქამბექი განახორციელა.

ძირითადი დროის დასრულებამდე 19 წამით ადრე კოსტას სლუკასის იდეალური პასის შემდეგ ჰასან მარტინმა ჩატენა ბურთი კალათში და წონასწორობა კიდევერთხელ აღდგა 74:74.

ბოლო შეტევაში ბურთი ევროლიგის მოქმედმა ჩემპიონებმა წამოიღეს, გუნდის ლიდერმა – ვასილიე მიციჩმა დრიბლინგით ჩამოიშორა ვეზენკოვი, “მკვლელი სამქულიანი” ჩააგდო მეტოქის კალათში და შეხვედრაც დასრულდა 77:74 –  “ეფესი” ფინალშია!!!

მეორე ნახევარფინალში ესპანური “ელ კლასიკო” შედგა – “რეალი” ბარსელონას” წინააღმდეგ. მიმდინარე სეზონში ეს გუნდები ერთმანეთს მეშვიდედ ხვდებოდნენ – გასული ექვსი დაპირისპირებიდან 5 “ბარსას” ქონდა მოგებული და მატჩის ფავორიტადაც სწორედ კატალონიური გუნდი მიიჩნეოდა.

სერხიო ლულის და გერშონ იაბუსელეს ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე მადრიდული გუნდი თავიდანვე დაწინაურდა 8:2.

დროულად “ჩაერია საქმეში” “ბარსელონას” ლიდერი ნიკოლა მიროტიჩი, რომელმაც ჯერ საშუალო, ხოლო შემდეგ კი შორი დისტანციიდან ჩააგდო ბურთი კალათში და საკუთარ გუნდს ლიდერობა მოუტანა 15:14.

null

მეორე მეოთხედში, რუდი ფერნანდესის ზუსტი სამქულიანის წყალობით “რეალი” ამჯერად 5 ქულიანი ჰანდიკაპით გალიდერდა 25:20, თუმცა “ბარსას” პასუხმა” არ დააყოვნა – ჯერ ბრენდონ დეივისმა “სლემ დანქით” აიღო ქულები, ხოლო შემდეგ კი ნიკოლა ლაპროვიტოლამ “ჩაამღერა” მორიგი სამქულიანი კალათში – 39:33.

მეორე ტაიმის სტარტზე კატალონიური გუნდის უპირატესობამ “პიკს” უწია – ნიკოლა მიროტიჩის მიერ პერიმეტრიდან მორიგი სამქულიანის ჩაგდების შემდეგ “ბარსელონა” უკვე 11 ქულით იგებდა 54:43.

“რეალმა” ძალიან მოინდომა და მეტოქის ეს ჰანდიკაპი მალევე “ჩამოადნო” – ფაბიან კოსიემ და სერხიო ლულმა მეტოქეს “სისხლი გაუშრეს” და შეხვედრაში ინტრიგა დააბრუნეს.

null

უკანასკნელ, მეოთხე მეოთხედში უკვე მადრიდული გუნდი ფლობდა უპირატესობას და მცირე სხვაობით იყო წინ  – ძირითადი დროის დასრულებამდე 56 წამით ადრე “რეალი” ერთ ქულას იგებდა (80:79), როდესაც ვინსენ პორიემ შეტევაში ბურთი დაკარგა და “ბარსა” სწრაფ კონტრშეტევაზე გადმოვიდა – ნიკოლა ლაპროვიტოლას თითქოს მარტივად უნდა აეღო 2 ქულა, მაგრამ ფრანგი ცენტრი დროულად დაბრუნდა დაცვაში, მეტოქეს დომინანტურად დააფარა და დაშვებული შეცდომაც გამოასწორა.

დარჩენილ მცირე დროში “ბარსელონამ” ტაქტიკური ჯარიმების აღების ფონზე სცადა მატჩის გადარჩენა, თუმცა ამით აღარაფერი გამოუვიდა – 86:83 “რეალის” დამსახურებული გამარჯვება.

21 აპრილს, ფინალურ მატჩში ერთმანეთს “რალი” და “ეფესი” დაპირისპირდებიან, ხოლო მესამე ადგილისთვის “ბარსელონა” და “ოლიმპიაკოსი” იბრძოლებენ.

 

ოლიმპიაკოსი – ეფესი 74:77 (21:18, 22:24, 20:24, 11:11)

ოლიმპიაკოსი: დორსი (11), პაპანიკოლაუ (10), ფოლი (7), ვოქაფი (5), ვეზენკოვი (5+8 მოხსნა) – სასტარტო; მაკისიკი (12), სლუკასი (11+6 პასი), მარტინი (11), პრინტეზისი (2), ლარენძეკისი (0).

ეფესი: ლარკინი (21+7 პასი), მიციჩი (15+9 პასი), პლაისი (8+7 მოხსნა), ანდერსონი (0), მორმანი (0) – სასტარტო; ბრაიანტი (16), დანსტონი (12), სინგლტონი (5), ბობუა (0).

 

ბარსელონა – რეალი 83:86 (19:19, 26:15, 11:26, 27:26)

ბარსელონა: მიროტიჩი (26+12 მოხსნა), ლაპროვიტოლა (17), ეკზამი (7), კალატესი (4+9 პასი), შანლი (2) – სტარტი; დევისი (15), აბრინესი (7), იოკუბაიტისი (4), სმიტსი (1), კურიჩი (0), ჰიგინსი (0), ჰეიესი (0).

რეალი: კოსიე (18), იაბუსელე (18+8 მოხსნა), დეკი (7+7 მოხსნა), ჰანგა (4), უილიამს-გოსი (0) – სასტარტო; ლული (15), ტავარეში (8), აბალდე (7), პორიე (6), ფერნანდესი (3), ტეილორი (0).

Leave a comment

Your email address will not be published.