ა.შ.შ-ს ქალაქ ბოსტონში დასრულდა როდ ლეივერის თასის გათამაშება. ევროპის ნაკრებმა დანარჩენი მსოფლიოს ნაკრები 14:1 გაანადგურა და ზედიზედ მეოთხედ დაეუფლა ლეგენდარული ავსტრალიელი ჩოგბურთელის სახელობის თასს.
მესამე სათამაშო დღის წინ ანგარიში 11:1 იყო ევროპელთა სასარგებლოდ, თუმცა მსოფლიო ნაკრებს თეორიული შანსი მაინც რჩებოდა ტურნირის მოსაგებად – საჭირო იყო ოთხივე გასამართი მატჩის მოგება, რაც არარეალურად რთული გახლდათ.
გათამაშების ფორმატის მიხედვით ტურნირის დასკვნით, მესამე დღეს თითოეული მატჩის მოგება 3 ქულად ფასობდა, ასე რომ ევროპელებს ერთი მატჩის მოგებაც ჩემპიონის ტიტულს მოუტანდა.
პირველები კორტზე წყვილთა თანრიგის ჩოგბურთელები გავიდნენ. რუბლიოვი/ზვერვის დუეტმა პირველი სეტი 6:2 მოუგო შაპოვალოვი/ოპელკას ტანდემს, თუმცა მეორე პარტია ტაიბრეიკზე დათმო 6:7.
სუპერ ტაიბრეიკზე ევროპელებმა მოახერხეს მობილიზება, 10:3 იმარჯვეს და ამ მატჩის მოგებით ევროპას მეოთხედ მოუპოვეს როდ ლეივერის თასი.
დღის დარჩენილი შეხვედრები გაუქმდა. ვინაიდან ტრიბუნაზე საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი იყო მოსული, ფელიქს ოჟე ალიასიმის და დიეგო შვარცმანის დუეტმა ამხანაგური მატჩი ჩაატარა დანილ მედვედევის და კასპერ რუუდის წინააღმდეგ. კანადურ/არგენტინულმა ტანდემმა 6:3 6:3 მოიგო შეხვედრა, რომელიც საერთო ანგარიშში არ დაფიქსირდა.