ლანდსვილში გრძელდება ITF-ის W100-ის კატეგორიის ტურნირი. 1/8 ფინალურ სტადიაზე საქართველოს პირველმა ჩოგანმა ეკა გორგოძემ 6:3 0:6 1:6 წააგო ბრიტანელ თინეიჯერ ემა რადუკანუსთან და ასპარეზობას გამოეთიშა.
შეხვედრის სტარტი ეკოს მშვენიერი გამოუვიდა და პირველი სეტიც მისი გამარჯვებით დასრულდა 6:3.
სამწუხაროდ, მეორე პარტიის დასაწყისში ქართველმა მცირე დაზიანება მიიღო, რის გამოც დაკარგა ყველანაირი სათამაშო უპირატესობა. ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ეს შანსი ბრწყინვალედ გამოიყენა და მომდევნო ორი სეტი უპრობლემოდ მოიგო 6:0 6:1.
გორგოძემ ლანდსვილის ტურნირზე 11 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და მსოფლიოს ლაივ რეიტინგში 2 საფეხურით აიწია მაღლა (N 163).
18 წლის ემა რადუკანუ ბრიტანული ჩოგბურთის ახალი აღმოჩენაა. თინეიჯერმა გოგონამ „უიმბლდონის“ ტურნირზე ვაილდ ქარდი მიიღო და მასზე გაცემული ავანსები სრულიად გაამართლა – 3 ეტაპი გააიარა (მოუგო დიაჩენკოს, ვონდრუშოვას და კირსტეას) და ტრავმის გამო დამარცხდა 1/8 ფინალურ სტადიაზე.
ემა რადუკანუ ამჟამად მსოფლიო რეიტინგის 184-ე ჩოგანია და დიდი ტემპით მიიწევს ტოპ 100-ისკენ. ლანდსვლის მეოთხედფინალში მისი მეტოქე ნურია პარიაზ დიასი იქნება.