ჩიკაგოში დასრულდა WTA-ს 250-იანთა კატეგორიის ტურნირი, ფინალურ მატჩში პირველ ნომრად განთესილმა ელინა სვიტოლინამ 2 სეტში დაამარცხა ალიზ კორნე და კარიერაში მე-16 ტიტული მოიგო.
უკრაინელმა ჩოგბურთელმა 2021 წელს პირველი ტურნირი მოიგო და დაასრულა წარუმატებელი სერია, რომელიც თითქმის 1 წელს გრძელდებოდა (ბოლო ტიტული ელინამ 2020 წელს სტრასბურგში მოიგო).
ფინალური შეხვედრა 2 საათსა და 2 წუთს გრძელდებოდა, სვიტოლინამ 7:5 6:4 დაამარცხა ფრანგი მეტოქე და კარიერული მე-19 ფინალიდან მე-16 გამარჯვება იზეიმა.
All that 𝐽𝐴𝑍𝑍 👐
🇺🇦 @ElinaSvitolina's sweet 16 in Chicago 🤩#ChiTennisFestival pic.twitter.com/dWdZObOvfm
— wta (@WTA) August 28, 2021
მატჩამდე, სვიტოლინას და კორნეს შორის ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 4:3 იყო უკრაინელის სასარგებლოდ, თუმცა ბოლო დაპირისპირება ფრანგს ქონდა მოგებული (2019 წელი, ისტბურნი).
შეხვედრის სტარტი იდეალური გამოუვიდა უკრაინელ ჩოგბურთელს, რომელმაც მეორე გეიმში მიღებაზე ბრწყინვალედ ითამაშა – ფორჰენდით „ვინერსი“ შეასრულადა და ადრეული ბრეიკიც შედგა 2:0.
ალიზმა სეტის მიმდინარეობისას სათამაშო ტაქტიკა შეცვალა – იგი ხშირად იყენებდა „დროფშოტებს“ და აიძულებდა მეტოქეს ბადესთან გამოსულიყო. სვიტოლინამ ზედიზედ რამდენიმე შეცდომა დაუშვა და ბრეიკიანი უპირატესობაც ხელიდან გაუშვა 5:5.
მე-11 გეიმში კორნეს 3 ფარული სეტპოინტი ქონდა მეტოქის ჩაწოდებაზე, თუმცა ელინამ გაუძლო ამ წნეხს და ისევ წინ გავიდა ანგარიშში 6:5.
მე-12 გეიმში ფრანგი 40:15 იგებდა და თითქოს სეტის ბედი ტაიბრეიკზე უნდა გადაწყვეტილიყო, თუმცა უკრაინელმა ბოძებული შანსი გამოიყენა და მივიდა სეტ პოინტამდე.
კორნე ანერვიულდა, მის მიერ ხაზის გასწვრივ დარტყმული ბურთი აუტში გავიდა და სეტიც უკრაინელს დარჩა 7:5.
მეორე სეტის სტარტზე ფრანგი ფსიქოლოგიურად „მოიშალა“ – ზედიზედ 3 გეიმი წააგო და მეტოქეს სოლიდური სხვაობით ჩამორჩა.
მეოთხე გეიმში კორნემ საკთარი ჩაწოდება მოიგო და ამის შემდეგ თამაში „აირია“ – გოგონები მეტოქის ჩაწოდებაზე უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს, ვიდრე საკუთარზე.
ზედიზედ 6 გეიმში შესრულებული ბრეიკი და სვიტოლინამ მატჩი გაჭირვებით მიიყვანა გამარჯვებამდე 7:5 6:4.