ელიტაში დავით ნინიაშვილის დებიუტი შედგა

Davit NINIASHVILI of Lyon Olympique Universitaire (LOU) and Matteo RODOR of Union Sportive Arlequins Perpignanais (USAP) during the Top 14 match between Lyon and Perpignan at MATMUT Stadium on September 18, 2021 in Lyon, France. (Photo by Hugo Pfeiffer/Icon Sport via Getty Images)

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. დაუმარცხებელი მხოლოდ ორი გუნდი დარჩა ტულუზი და ლევან ჩილაჩავას კასტრი. ამავე ტურში შედგა საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფულბეკის დავით ნინიაშვილის დებიუტიც.

ბექა საღინაძისა და დავით ნინიაშვილის ლიონმა შინ მიიღო გიორგი თეთრაშვილისა და დავით ქუბრიაშვილის პერპინიანი და დიდი ანგარიშით 47:3 დაამარცხა.

ნინიაშვილი გარემარბის პოზიციაზე გაისარჯა და თავიდან ბოლომდე ითამაშა, ასევე სრულად ითამაშა საღინაძემაც, თეთრაშვილი კი, 46-ე წუთზე შეცვალეს.

ლევან ჩილაჩავას კასტრმა ლექსო ყაულაშვილისა და ლაშა ტაბიძის ბორდოს უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა – 23:23. ყაულაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს, ჩილაჩავა მოედანზე 57-ე წუთიდან გამოჩნდა.

მიხეილ ნარიაშვილისა და გელა აფრასიძის მონპელიემ შინ წააგო ტულუზთან – 17:15. აფრასიძე, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, მე-15 წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შექინა.

წინასწარი ინფორმაციით აფრასიძე, რომელმაც მხარი დაიზიანა, სამი ან ოთხი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

ლუკა ჯაფარიძის, ვანო კარკაძის, სოსო ბეკოშვილის, ოთარ გიორგაძის, თედო აბჟანდაძისა და ვასილ ლობჟანიძის ბრივმა შინ დაამარცხა ბექა გორგაძის პო – 30:13.

ჯაფარიძემ სრულად ითამაშა, გორგაძე 41-ე წუთზე შეცვალეს, ლობჟანიძე თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო.

თორნიკე ჯალაღონიას, გიორგი ნუცუბიძის, ლუკა აზარიაშვილის, ვახტანგ ახობაძისა და უშანგი ჭეიშვილის ბიარიცმა საკუთარ მოედანზე დაამარცხა გურამ გოგიჩაშვილისა და გია ხარაიშვილის რასინგი – 28:19.

გოგიჩაშვილი 43-ე წუთზე შეცვალეს, ჯალაღონიამ მოედანი 76-ე წუთზე დატოვა, იმავდროულად ჩაერთო მატჩში ჭეიშვილი.

გურამ პაპიძის ლა როშელი სტუმრად დამარცხდა მინიმალური სხვაობით კლერმონთან – 22:23. “ვულკანებისთვის”, რომლების შერკინების მწვრთნელიც დავით ზირაქაშვილია ეს პირველი გმარჯვებაა. პაპიძე თამაშში 69-ე წუთიდან ჩაერთო.

ბექა გიგაშვილის ტულონმა მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენებურის ამ გუნდმა ვასილ კაკოვინისა და გიორგი მელიქიძის სტად ფრანსეს უმასპინძლა და იოლად დაამარცხა – 38:5.

გიგაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს, მელიქიძე თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო.

სატურნირო მდგომარეობა

1. ტულუზი – 13 ქულა, 2. ლიონი – 10, 3. ბრივი – 10, 4. კასტრი – 10, 5. რასინგი – 8, 6. ბიარიცი – 8, 7. მონპელიე – 7, 8. ბორდო – 7, 9. ტულონი – 7, 10. კლერმონი – 5, 11. პო – 5, 12. პერპინიანი – 4, 13. ლა როშელი – 2, 14. სტად ფრანსე – 0

***

პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა ინგლისის ჩემპიონატში. გიორგი კვესელაძის გლოსტერმა სტუმრად ითამაშა ნორსჰემპთონთან და 20:34 დამარცხდა. კვესელაძე თადარიგში იყო და შეცვლაზე 61-ე წუთზე შევიდა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *