რა ჯანდაბა ხდება ამ ვალენსიას თავს? რა კარგი იყო შარშან: გუნდს წვრთნიდა კაცი, რომელმაც მკაფიოდ იცოდა, რომ ჯერ თავი უნდა დაეცვა და შემდეგ, როდესაც მეტოქეს თავის ნახევარზე გადმოიტყუებდა, გრძელი პასებით მისთვის სწრაფად უნდა ჩაესო მახვილი. საამისოდ ჰყავდა მასირებული დაცვა, პლუს გონსალო გედეში და კარლოს სოლერი. ჰოდა, გავიდა თასის ფინალში, სადაც მხოლოდ და მხოლოდ პენალტებით წააგო. პენალტებზე კი ამბობენ ლატარეააო.
მერე დადგა ზაფხული, კლუბის სინგაპურელ პატრონებს, რომელთაც გულშემატკივრები ვერ იტანენ, რაღაც მოელანდათ, ზემოთ ხსენებული მწვრთნელი ხოსე ბორდალასი სამსახურიდან გაუშვეს და ზედ გედეში და სოლერიც მიაყოლეს. სანაცვლოდ? სანაცვლოდ გუნდი ჩააბარეს ჯენარო გატუზოს, რომლის კარგი მწვრთნელობა ჯერ არსად დამტკიცებულა, თავდასხმაში კი უფასოდ მიიყვანეს ედინსონ კავანი — სახელოვანი, დაბერებული თავდამსხმელი, რომელიც თავისი თავის აჩრდილიღაა.
კავანი ქარივით მორბენალი ახალგაზრდობაშიც არ ყოფილა — ტიპიური ცენტრალური თავდამსხმელია, ძველი ჟარგონით რომ ვთქვათ, „სტოლბა“. ის კონტრშეტევისთვის მაინცდამაინც არ ვარგა და ამ მიზნით არც დაუმატებიათ. გატუზომ ხომ იმთავითვე თქვა, მე სხვანაირ ფეხბურთს ვითამაშებ, უფრო ტიკი-ტაკას მაგვარს, ბურთის გორებაზე და შეტევის დინჯად მომზადებაზე გათვლილსო. ასეთი ფეხბურთისთვის ან „ცრუ ცხრიანი“ გინდა ან ნაღდი „ცხრიანი“, კავანის მაგვარი. მოკლედ, ურუგვაელი გატუზოს იდეებს თეორიულად კარგად ერგებოდა და სინგაპურელებისთვისაც ზედგამოჭრილი იყო — სახელოვანი და უფასო.
ზეპირად ყველაფერი კარგად ლაგდებოდა, მაგრამ სინამდვილე სხვანაირი გამოდგა. გატუზოს ფეხბურთელებმა ბურთის ისე გორება, მეტოქეს რომ ვერ წაერთმია, ვერ შეძლეს. შეიძლება თვითონ იტალიელმა ვერ აუხსნა რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ. ერთი ფაქტია: ასე თამაში თუ გინდა, ძალიან ტექნიკური და ძალიან ჯანიანი ფეხბურთელები გჭირდება. ტექნიკურები იმიტომ, რომ ბურთი ერთმანეთს უზადოდ და ჩქარა გადასცენ, ჯანიანები კი იმიტომ, რომ დაკარგული ბურთისთვის იქვე იომონ — გაიხსენეთ გვარდიოლას დროინდელი ბარსელონა!
როდესაც ბურთს აგორებ, მეტოქე ხშირად ეგრეთწოდებულ მაღალ პრესინგს გეთამაშება ანუ ცდილობს ამის საშუალება არ მოგცეს, თავს შენს საჯარიმოშივე გესხმის, სიდანაც გამოძრომას სწორედ საოცარი ოსტატობა და არაქათი სჭირდება. ვალენსია, როგორც გაირკვა, მანცდამაინც არც ერთით გამოირჩეოდა და არც მეორით. ამიტომაც იყო, რომ მეტოქის მიჭყლეტის ნაცვლად, ხშირად თვითონ რჩებოდა საკუთარ კართან მიჭყლეტილი და დაბნეული მცველები საწყალ გიორგი მამარდაშვილს ბურთს იქვე, ორ მეტრში უგორებდნენ. მამარდას ეს ბურთი რამენაირად სწრაფად უნდა გაეთამაშებინა, თორემ გათამამებული მეტოქე მასაც ახრჩობდა, ოღონდ შორს მოგერიება (ეტყობა) ეკრძალებოდა და იწყებდა თავისუფალი თანაგუნდელის ძებნას, რომელიც არ ჩანდა. მოკლედ, კოშმარი იყო.
ასეთ ტიკი-ტაკას აზრი მაშინ აქვს, როდესაც ბურთს მეტოქის ნახევარზე ატრიალებ და შეტევის ბოლო ფაზას ამზადებ და არა მაშინ, როდესაც შენი მეკარის ცხვირწინ იხრჩობი და საბოლოოდ თამაშის სქემა საერთოდ გერევა.
მოკლედ, იმ ფეხბურთს, რომელსაც გატუზო ქადაგებდა, შესაბამისი უნარების მქონე ნახევარმცველები და ჯან-ღონე სჭირდებოდა. ჯან ღონეს, ჯანდაბას, ვარჯიშით მიაღწევ კაცი, მაგრამ ეს მაღალი კლასის ნახევარმცველები ხომ საყიდელია. სინგაპურელი პატრონები კი ამ საქმეში აგერ უკვე წლებია გროშ-კაპიკს არ ხარჯავენ. ჰოდა, შედეგიც შესაბამისი გამოვიდა: გუნდს პირველი წრის შემდეგ გავარდნა ემუქრება. შედეგად გატუზო გაუშვეს და მოიყვანეს ვალენსიელი კაცი ვორო, რომელიც როგორც ესპანური პრესიდან გავარკვიეთ, ძირითადად სახლში ზის და ელოდება როდის დაუძახებენ გუნდის გადასარჩენად რამდენიმე თამაშით, მაქსიმუმ ნახევარი სეზონით. მერე მოდის, მდგომარეობას ცოტათი ასწორებს და ისევ სახლში მიდის, რადგან სინგაპურელებს მის ნაცვლად ახალი მწვრთნელი მოჰყავთ.
აი, ასე გვეხატება ეს ამბავი, თუმცა აქ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს ბლოგი რეალთან თამაშამდეა დაწერილი. ყველას, ვინც მერე წაიკითხავთ, გეცოდინებათ, როგორი გამოდგა ვოროს მორიგი პირველი თამაში ვალენსიას მხსნელის რანგში და… კიდევ ერთი: ემანდ ჩვენს მამარდას არაფერი აურიონ და ისემც უქნიათ…