ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში სტარტი აიღო ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირმა. პირველი წრის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს მსოფლიოს ყოფილი ჩოგანი ენდი მარეი და ალექსანდრ ბუბლიკი დაუპირისპირდნენ.
ყაზახი ჩოგბურთელი მშვენიერ ფორმაშია – ბუბლიკმა გასულ კვირას კარიერაში პირველი ტურნირი მოიგო – მონპელიეს ტურნირის ფინალურ მატჩში თვით ალექსანდრ ზვერევი დაამარცხა 6:3 6:4.
ენდიმ მატჩი აქტიურად დაიწყო და მალევე მივიდა ბრეიკპოინტებამდე, თუმცა მისი რეალიზება ვერ შეძლო – გადამწყვეტ მომენტებში ალექსანდრს კარგი ჩაწოდება შველოდა.
ბუბლიკი ცდილობდა ხშირად შეეცვალა თამაშის ტემპი და გამუდმებული “დამოკლებული დარტყმებით” სისხლი გაუშრო ბრიტანელს.
მე-11 გეიმში მარეიმ 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, რაც მას მეტოქემ არ აპატია და შეხვედრის პირველი ბრეიკიც შედგა.
6-5-ზე ბუბლიკმა ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლო, ჩაწოდება “აერია” და გეიმი მშრალი ანგარიშით წააგო 6:6.
ტაიბრეიკზე ფსიქოლოგიური უპირატესობა უკვე ბრიტანელის მხარეს იყო, რომელმაც მოიგო საჩოგბურთო ლატარეა და დაწინაურდა სეტებში 1:0.
მეორე პარტიაში ბუბლიკი ზედმეტად რისკიან თამაშზე გადავიდა – ნერვებ მოშლილმა ყაზახმა სეტის პირველ ნახევარში რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა და ამჯერად უკვე თვითონ ჩამორჩა ბრეიკით.
კოლოსალური გამოცდილების მქონე მარეიმ მოპოვებული ჰანდიკაპი იოლად შეინარჩუნა შეხვედრის ბოლომდე და საბოლოო გამარჯვებას მიაღწია 7:6 6:4.
როტერდამის ტურნირის 1/8 ფინალში ენდის მეტოქე კანადელი ფელიქს ოჟე ალიასიმი იქნება.