ენდი მარეი: “კარიერის დასრულებას არ ვაპირებ”

მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ენდი მარეიმ უიმბლდონის პირველი რაუნდის შეხვედრაში 6:4 6:3 5:7 6:3 სძლია ნიკოლოზ ბასილაშვილს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

უიმბლდონის ორგზის გამარჯვებულმა შოტლანდიელმა ჩოგბურთელმა საწყის 2 სეტში თითო-თითო ბრეიკი შეასრულა, რაც საკმარისი გამოდგა სოლიდური უპირატესობის მოსაპოვებლად 6:4 6:3.

მესამე პარტიაში ბრიტანელი 5:0 დაწინაურდა და თითქოს ყველაფერი დასრულდა, თუმცა სწორედ აქ ათამაშდა ნიკა, დაუჯერებელი ქამბექი შეასრულა და მარეის უიმბლდონის ცენტრალურ კორტზე ზედიზედ 7 გეიმი მოუგო (7:5), ბასილაშვილმა პროცესში, მე-9 გეიმში ორი მატჩპოინტიც მოიგერია.

მეოთხე სეტში ენდიმ მობილიზება შეძლო, ორჯერ აიღო ქართველის ჩაწოდება, ერთხელ დაკარგა საკუთარი გეიმი და 3 საათიანი, რთული მატჩი
ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა.

null

„სასიამოვნოა უიმბლდონის ცენტრალურ კორტზე დაბრუნება და ისევ იმ ატმოსფეროში თამაში, რომელიც აქ ტრიალებს. უკანასკნელი 8-9 თვის განმავლობაში ძალიან განვიცდიდი, რომ ტრიბუნაზე გულშემატკივარი არ იყო.

როდესაც გამოვედი ცენტრალურ კორტზე, მაყურებელმა ძალიან თბილად მიმიღო, რამაც ჩემი მოტივაცია კიდევ უფრო გაზარდა.

მესამე სეტის შემდეგ გამიმართლა, რომ 15 წუთიანი პაუზა იყო, რადგან კორტის გადახურვა მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში შხაპი მივიღე, დავწყნარდი, ანალიზი გავუკეთე საკუთარ თამაშს და ვიპოვე გამოსავალი, თუ როგორ უნდა მომეგო მეოთხე სეტი.

„უიმბლდონის“ წინა მოსამზადებელი ეტაპი საკმაოდ რთული გამომივიდა, მართალია უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში სერიოზული ტრავმები არ მქონია, თუმცა სპორტულ ფორმაში შესვლა მაინც ვერ მოვახერხე. ვცდილობდი არ დავნებებულიყავი და უფრო მეტს ვვარჯიშობდი.

ყველა მეკითხება, არის თუ არა ეს ჩემთვის უკანასკნელი უიმბლდონი. სიმართლე გითხრათ, ძალიან მიკვირს, რადგან კარიერის დასრულებას ჯერჯერობით არ ვაპირებ. დღეს მსოფლიო რეიტინგის ტოპ-30-ის წევრს მოვუგე და ამით დიდი სიამოვნება მივიღე. ასე რომ კარიერას ვაგრძელებ“ – განაცხადა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ენდიმ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *