ენტონი ჯოშუას ახალი მწვრთნელი

20 აგვისტოს, საუდის არაბეთში, ენტონი ჯოშუა  და ოლეკსანდრ უსიკი ერთმანეთის წინაშე მეორედ წარდგებიან. შეგახსენებთ, რომ პირველ ბრძოლაში უკრაინელმა,  მსაჯების გადაწყვეტილებით „გასვლაზე“, ბრიტანეთშივე, დაამარცხა მისი მოწინააღმდეგე და დაეუფლა WBA, WBO და IBF  მსოფლიოს ჩემპიონის ქამრებს სუპერ მძიმე წონაში.

ბრიტანელმა ვარსკვლავმა, კონტრაქტში არსებული „რემატჩის“ ვალდებულების პუნქტით ისარგებლა და უკრაინელთან  მეორე ბრძოლა ჩანიშნა. გარკვეული პერიოდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, შეძლებდა თუ არა უსიკი ბრძოლაში მონაწილეობას ყველასათვის გასაგები მიზეზების გამო. უსიკი უკრაინელია ! თანაც, პატრიოტი უკრაინელი და ის, ომის დაწყებისთანავე, საკუთარი ქვეყნის თავდაცვის ძალებთან იდგა, თუმცა უკრაინელებმა გადაწყვიტეს, რომ საშა რინგზე უფრო გამოადგებოდა ქვეყანას, ვიდრე ბრძოლის ველზე. საბოლოოდ, სუპერმძიმე წონის ორმა ვარსკვლავმა პრესკონფერენცია და საჩვენებელიც ვარჯიში ჩაატარა, რითაც გვითხრეს, რომ ბრძოლა აუცილებლად შედგება.

ცვლილებაა ბრიტანულ კუთხეში. ჯოშუას ახალი მთავარი მწვრთნელი, მექსიკელ-ამერიკელი რობერტ გარსია იქნება, რომელიც აგრესიული და შემტევი კრივით არის ცნობილი. სწორედ, გარსია იყო ელ ჩინო მაიდანას მწვრთნელი ბრძოლაში, რომელიც ფლოიდ მევეზრისთვის, ერთ-ერთ, ყველაზე რთულ დაპირისპირებად მოიაზრება. უსიკმა, ჯოშუაზე ბევრად მეტი კრივი იცის და ეს ჩვენ პირველ ბრძოლაში დავინახეთ, რაც ბრიტანელს, მხოლოდ და მხოლოდ, ერთ ვარიანტს უტოვებს- „ჩხუბი“ კრივის ნაცვლად ! ენტონიმ მისი წარმოუდგენელი გაბარიტებით და ათლეტურობით უნდა ისარგებლოს, წინ წავიდეს და გადაუაროს უკრაინელს. სწორედ, ამ გეგმის განხორციელებაში უნდა დაეხმაროს მას ახალი მწვრთნელი. უსიკი რომ მენტალურად გაუტეხელი მებრძოლია, ჩვენ ეს არაერთხელ ვიხილეთ, თუმცა მის ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარება, ადვილი მენტალური ამოცანა ნამდვილად არ არის. ჯოშუა მასთან ომს აპირებს, ეს არ იქნება ლამაზი საჭადრაკო პარტია. ეს იქნება სისხლიანი და „უშნო“ ბრძოლა. სამწუხაროდ,  ომი უსიკისთვის ყოველდღიურობაა.  გადააქცევს თუ არა ამ მძიმე ვითარებას უკრაინელი მოკრივე მოტივაციად, თუ აღმოჩნდება, რომ ამხელა სტრესის და განსაცდელის ფონზე მან ვერ შეძლო ძალების კონცენტრირება? ამას 20 აგვისტოს გავიგებთ!

Leave a comment

Your email address will not be published.