ერთხელ მალაიზიაში

ფეხბურთი წლიდან წლამდე იცვლება, ასევე იცვლება ფასეულობები და ტურნირებსაც შეეხება. მაგალითად, 20-წლამელთა მსოფლიო ჩემპიონატი ადრე რა პრესტიჟული იყო, ტალანტების ბუდე იქ იყო და საზომიც – იქ გამოჩნდებოდი? საკლუბო კარიერა აწყობილი გქონდა.

დღეს 20-წლამდელთა მუნდიალი ისეთი მქუხარე აღარაა, ის აურა არ აქვს. რამ მოიტანა ეს?  უპირველესად ფეხბურთის ზედმეტად კომერციალიზაციამ, მაგრამ ასე უცებ ერთ მიზეზს ვერ იტყვი. რამდენიმეა.

ტურნირი 1977 წლიდან ტარდება კენტ წლებში, 22-ჯერ გაიმართა და აქედან 11-ჯერ ბრაზილიამ ან არგენტინამ მოიგეს. არგენტინა 6-გზის ჩემპიონია, ბრაზილია5-გზის…

აქ ერთ ჩემპიონატზე დავწერთ: 1997 წელს მალაიზიამ უმასპინძლა U 20-ს, ჩემპიონი კი ხოსე პეკერმანის გაწვრთნილი არგენტინა გახდა. საერთოდ, პეკერმანი ამ ტურნირების ისტორიაში ზე-მწვრთნელია, საოცარი შედეგები აქვს, 3-ჯერ მიიყვანა არგენტინა ოქრომდე…

ერთ-ერთი იყო 1997-ში და რაზე გაგვახსენდა? გასული დეკემბრის ერთ-ერთ გმირზე, არგენტინის ნაკრების თავკაც ლიონელ სკალონიზე. მისი თანაშემწეები არიან პაბლო აიმარი, ვალტერ სამუელი და რობერტო აიალა… ჰოდა, რა სიმბოლურია, სკალონი, აიმარი და სამუელი იმ 97-შიც ჩემპიონები გახდნენ.

ერთი განსაკუთრებული მატჩი იყო მეოთხედფინალში, რომელშიც არგენტინამ 2:0 მოუგო ბრაზილიას. არადა, ბრაზილია ულაპარაკო ფავორიტად ითვლებოდა, წარმოიდგინეთ, ჯგუფში 10:0 მოუგეს ბელგიას და 10:3 სამხრეთ კორეას. 20 გოლი! ჰყავდათ ადაილტონი, რომელმაც კორეელებს 7 გოლი გაუტანა და ყველა ელოდა, რომ დიდი ფეხბურთელი გახდებოდა, მაგრამ ავანსები სანახევროდაც ვერ გაამართლა…

და აი არგენტინა-ბრაზილია. სხვათა შორის, გულშემატკივრებმა მალაიზიიდან ბევრი თამაში ვნახეთ, Eurosport-ზე გადიოდა და კინოთეატრ რუსთველთან ერთ-ერთ შენობაში აჩვენებდნენ. და იმ შუადღესაც ვუყურეთ… ბრაზილია სჯობდა, მაგრამ გოლი ვერ გაჰქონდა და აი, 10 წუთი რჩებოდა, როცა არგენტინამ შეაგდო. მაშინ რა ვიცოდით სკალონი, მაგრამ სწორედ სკალონიმ გაიტანა. საბოლოოდ 2:0 მოიგო პეკერმანის გუნდმა.

მარჯვენა მცველად თამაშობდა. იმ გუნდის ტვინები კი აიმარი, კამბიასო და რიკელმე იყვნენ. მაგრამ პრესა შარშან-შარშანწინ ხშირად აღნიშნავდა სკალონის იღბლიანობასა და ამასთან მებრძოლ ხასიათს. ეს გახეული მაისურიც იმ ჩემპიონატიდანაა… ფინალში. არგენტინა ურუგვაისთან აგებდა, მაგრამ კამბიასომ გაათანაბრა და მერე სკალონის პასით კინტანამ გადამწყვეტი გაიტანა.

ურუგვაი წითელი ფორმით იყო ფინალში.

გუნდურ ფოტოზე ნახეთ, რა შემადგენლობაა… ამ 11 კაციდან 8 დიდ ნაკრებშიც ფიგურა გახდა.

I: ლეანდრო კუფრე, ხუან რომან რიკელმე, ლეო ფრანკო, დიეგო მარკანო, ხუან სერისელა, ვალტერ სამუელი;

II: ლიონელ სკალონი, ბერნარდო რომეო, ესტებან კამბიასო, დიეგო პლასენტე, პაბლო აიმარი;

და იმ 20-წლამდელთა მსოფლიოზე სამხრეთიმერეკელების გარდა ასევე იყვნენ მაგარი ბიჭები, მაგალითად ჩავი, მაიკლ ოუენი, დემიენ დაფი, დავიდ ტრეზეგე, ტიერი ანრი და ჩვენი ვილი სანიოლიც.

20-წლამდელთა მუნდიალის ჯეჯერობით ბოლო გოლი კი, იცით, ვინ გაიტანა? გიორგი წიტაიშვილმა… ფინალი, უკრაინა-სამხრეთ კორეა 3:1.

შარშან ინდონეზიაში უნდა ჩატარებულიყო ტურნირი, მაგრამ პანდემიის გამო ვერ მოხერხდა. წლეულს იქნება სწორედ ინდონეზიაში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *