დღეს, 4 აგვისტოს კრისტიან ერიკსენი ინტერის საწვრთნელ ბაზაზე დაბრუნდა. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.
ერიკსენმა ფიზიკური და ფსიქოფიზიკური ტესტები გაიარა, პასუხები კი დამაკმაყოფილებელი იყო. კრისტიანმა მალე დანიელი ექიმების მიერ შედგენილი პროგრამით მზადება უნდა დაიწყოს, ეს პროგრამა ინტერის სამედიცინო შტაბის წევრებმაც დაამტკიცეს.
რეაბილიტაციის მსვლელობისას დანიელი და ინტერის ექიმები ერთობლივად გადაწყვეტენ შეძლებს თუ არა ნერაძურის შემტევი კარიერის გაგრძელებას.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, სადაც დანია ფინეთს ხვდებოდა, ერიკსენს გულთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, დაეცა და უმალ საავადმყოფოში გადაიყვანეს.