ეროვნულ ლიგაში 32-ე ტური გაიმართა. აღსანიშნავია, რომ 10-დან 5-მა გუნდმა გოლი ვერ გაიტანა და ბევრი 0 დაფიქსირდა. 1 მატჩი ფრედ დასრულდა, დანარჩენებში კი ფავორიტებმა მოიგეს.
ყველაზე დიდ ინტერესს ბათუმში გასამართი მატჩი იწვევდა, სადაც დინამო ბათუმმა საბურთალოს უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. აჭარლები მთელი თამაში უპირატესობას ფლობდნენ და ანგარიშიც ლოგიკური იყო. პირველი გოლი მე-13 წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტით შეაგდო, 39-ზე მამუკა კობახიძემ გაიტანა, 57-ზე ცენტრალურმა მცველმა დუბლი შეასრულა, მატჩს კი წერტილი 87-ე წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილმა დაუსვა. ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე დინამო ბათუმი 67 ქულით პირველ ადგილზეა და უშუალო კონკურენტ დინამო თბილისს 4 ქულით უსწრებს, საბურთალო კი 50 ქულით მეოთხეზეა, სამეულისთვის იბრძვის და მესამე ადგილოსან დილას 6 ქულით ჩამორჩება.
დინამო თბილისმა დინამო არენაზე თელავი მიიღო და 4:0 გაიმარჯვა. ცხადაძის გუნდმა მშვენიერი მატჩი ჩაატარა, დედაქალაქელები აქტიურად უტევდნენ და მთელი მატჩის მანძილზე იგრძნობოდა თუ ვინ იყო ფავორიტი. ანგარიში მილან რადინმა 41-ე წუთზე შესანიშნავი ჯარიმით გახსნა. ამის შემდეგ რამდენჯერმე თელავმაც შეუტია, თუმცა უშედეგოდ. 72-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ გაიტანა, 90-ზე ზორან მარუშიჩმა, ხოლო 2 წუთში შეცვლაზე შესულმა გიორგი მოისწრაფიშვილმა საჯარიმოში ტექნიკურად ითამაშა და ლამაზი გოლი გაიტანა. დინამო 63 ქულით მეორეზეა, თელავს კი 35 ქულა აქვს და მე-7 ადგილს იკავებს.
საგურამოში ლოკომოტივი სამტრედიას დაუხვდა და 4:2 მოუგო. პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა, ირაკლი სიხარულიძის 23-ე წუთზე გატანილ გოლს, 39-ე წუთზე სტეფანია პავიშიჩმა უპასუხა. მეორე ტაიმში სამტრედია წინ გავიდა, 56-ე წუთზე გიორგი გადრანმა გაიტანა. ლოკომოტივმა 70-დან 80-ე წუთამდე 3 ბურთი შეაგდო, 71-ზე სიხარულიძემ დუბლი შეასრულა, 1 წუთში გეგა დიასამიძემ გაიტანა, 80-ზე კი კვლავ გეგას ჯერი დადგა. ლოკომოტივი 50 ქულით მე-5 ადგილზეა, სამტრედია კი 20 ქულით ცხრილის ფსკერზეა და სასწაულიღა თუ უშველის.
სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა გორის დილამ, რომელიც ქუთაისში ტორპედოს ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. გორელებმა სამივე გოლი მშვენიერი კომბინაციის შედეგად გაიტანეს. ცხადია ფეხბურთელები ქების ღირსნი არიან, თუმცა ამ მოგების და ამ ლამაზი გოლების მთავარ შემოქმედად ანდრეი დემჩენკოს მივიჩნევთ, რომელიც ჩვენს ჩემპიონატში უდაოდ გამორჩეული მწვრთნელია. 55-ე წუთზე თავი ჯერ ნიკა გაგნიძემ გამოიჩინა, 78-ზე ფრანცისკო მადინგამ, ბოლოს კი 92-ზე ირაკლი ბიძინაშვილმა შეაგდო. აღსანიშნავია, რომ თამაში 10 10-ზე დამთავრდა. 78-ე წუთზე მათე ცინცაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, 94-ზე კი ანალოგიურ სიტუაციაში ანრი ჭიჭინაძე აღმოჩნდა. დილა 56 ქულით მესამე ადგილზეა, ტორპედო კი 30 ქულით მე-8 ადგილს იკავებს. სწორედ დილასთან წაგების შემდეგ გაანთავისუფლა ტორპედოს ხელმძღვანელობამ კახა ჩხეტიანი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან.
ამ ტურის ერთადერთი უგოლო მატჩი წყალტუბოში გაიმართა, სადაც სამგურალმა შუქურა მიიღო. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ქულები ქობულეთელებს უფრო სჭირდებათ, რადგან უძლიერესთა რიგებში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან, სამგურალი კი 90%-ით მომავალ სეზონშიც ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. წყალტუბოელებს 37 ქულა აქვთ და მე-6 ადგილზე არიან, შუქურა 27 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს.
33-ე ტური
ლოკომოტივი – დინამო ბთ.
დილა – დინამო თბ.
სამტრედია – სამგურალი
შუქურა – ტორპედო
თელავი – საბურთალო