ეროვნული ლიგა განახლდა – ფავორიტებმა ქულები დაკარგეს

1 თვიანი შესვენების შემდეგ, ეროვნული ლიგა განახლდა. პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო, 23-ე ტურში 13 აგვისტოს მხოლოდ 1 მატჩი გაიმართა, დანარჩენი კი გუშინ 12 სექტემბერს შედგა.

ტურის გახსნით მატჩში სამტრედიამ ლოკომოტივს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი 92-ე წუთზე ოთარ კობახიძემ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. აღსანიშნავია, რომ არაბიძის დარტყმული ბურთი კარში მიდიოდა, რომელიც ნიკა სანდოხაძემ ხელით გააჩერა, ლოკოს ცენტრალურ მცველს ეს წითელ ბარათად დაუჯდა. სათქმელია, რომ ამ თამაშში გატანა თავად არაბიძესაც შეეძლო, თუმცა იმერელთა ახალწვეულმა პენალტი გააფუჭა. სამტრედია 13 ქულით ბოლო ადგილზეა და მე-9 ადგილოსან შუქურას 8 ქულით ჩამორჩება, ლოკომოტივს კი 36 ქულა აქვს და მე-5 პოზიციაზეა.

უგოლო ფრე ვიხილეთ შუქურა – სამგურალის დაპირისპირებაში. აღნიშნულ მატჩში ნაკლებად იყო სახიფათო მომენტები. ზოგადად საკმაოდ უინტერესო მატჩი გამოდგა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. შუქურა 21 ქულით მე-9 ადგილზეა, სამგურალი კი 30 ქულით 6-ზე.

ტურის ყველაზე დიდი მოულოდნელობა თელავში დაფიქსირდა, სადაც თელავმა ჩემპიონატის ფავორიტ დინამო თბილისს 1:0 მოუგო. გოლი 49-ე წუთზე ლაშა შერგელაშვილმა ჯარიმით გაიტანა. სათქმელია, რომ დინამოს ახალწვეულ მეკარეს ანდრეს პრიეტოს გუნდის გადარჩენა შეეძლო, თუმცა უხეშად შეცდა და მისი კარის ბადე შეირხა. თელავი 25 ქულით მე-7 ადგილზეა, დინამო კი 44 ქულით მეორე ადგილს იკავებს და უშუალო კონკურენტ დინამო ბათუმს 3 ქულით ჩამორჩება.

გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ქუთაისის ტორპედო დილას ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. ქუთათურებმა მშვენიერი მატჩი ჩაატარეს და დამსახურებული 3 ქულა აიღეს. ანგარიში 22-ე წუთზე ბაქარ მირცხულავამ გახსნა, 52-ე წუთზე ირაკლი ძარიას დარტყმის შემდეგ 2:0 გახდა, 92-ე წუთზე კი ერთი ბურთი ირაკლი ბუღრიძემ პენალტის ნიშნულიდან გაქვითა. ტორპედო 22 ქულით მე-8 ადგილზეა, დილას კი 38 ქულა აქვს და მე-3 პოზიციას იკავებს.

ტურის ცენტრალური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც საბურთალომ დინამო ბათუმს უმასპინძლა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში მასპინძელთა უხეში შეცდომის და ჯოვინოს ერთი ერთზე კარგი თამაშის შედეგად გაიხსნა. ბრაზილიელმა პირველივე წუთზე აიღო გოშაძის კარი. პირველ ნახევარში სტუმრები ფლობდნენ უპირატესობას, აი მეორე ტაიმში საბურთალო გააქტიურდა, რამაც შედეგი მალევე გამოიღო. 48-ე წუთზე იური ტაბატაძემ და ლაშა კოხრეიძემ მშვენიერი კომბინაცია გაითამაშეს, რაც ტაბატაძის გოლით დასრულდა. საერთოდაც საბურთალოს მე-7 ნომერი შესანიშნავ სეზონს ატარებს და ეროვნულ ლიგაში უდაოდ ერთ-ერთი გამორჩეულია. საბურთალო 36 ქულით მე-4 ადგილზეა, დინამო ბათუმი კი 47 ქულით ცხრილის სათავეშია და დინამო თბილისს 3 ქულით ჯობნის.

24-ე ტური

საბურთალო – თელავი

სამგურალი – სამტრედია

დინამო ბათუმი – ლოკომოტივი

ტორპედო – შუქურა

დინამო – დილა

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *