ეროვნული ლიგა განახლდა – ფავორიტებმა სტატუსი გაამართლეს

1 თვიანი შესვენების შემდეგ, ეროვნული ლიგა განახლდა. აღსანიშნავია, რომ 22-ე ტურის 5-ვე მატჩი ფავორიტის სასარგებლოდ დასრულდა.

დინამო არენაზე დედაქალაქური დერბი გაიმართა, სადაც დინამო თბილისმა საბურთალოს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ცხადაძის შეგირდებს ადვილი თამაში არ ჰქონიათ, დინამომ 3 ქულა დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა. ანგარიში მე-14 წუთზე ავტოგოლით გაიხსნა. დინამოს კუთხურისას საბურთალოს საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, ბურთი მანდრიჩენკოს მოხვდა და საკუთარ კარში ჩაჭრა. ხვიჩა შუბითიძის გუნდმა 41-ე წუთზე გაათანაბრა. საბურთალოელთა სწრაფი შეტევა დაჩი ცნობილაძემ ძლიერი დარტყმით დაასრულა და შეაგდო. გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი დინამოს ახალწვეული ოსეი ბარანსია, რომელმაც 51-ე წუთზე რადინის პასის შემდეგ ერთი ერთზე დარჩენილმა გაიტანა. სათქმელია, რომ ამ რამდენიმე მატჩში, რომელიც ოსეიმ დინამოში ჩაატარა, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. საბოლოოდ დინამომ 3 ქულა აიღო და ხასიათი ასე თუ ისე გამოიკეთა.

3 ქულა აიღო გათამაშების კიდევ ერთმა ფავორიტმა დინამო ბათუმმა, რომელმაც საკუთარ კედლებში სამტრედიას 3:1 მოუგო. გუნდებმა პირველ ტაიმში თითო ავტოგოლი გაიტანეს, მე-16 წუთზე ჯერ ანდრო გიორგაძემ ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში, 12 წუთში კი გაგი მარგველაშვილმა. დინამომ 2 გოლი მატჩის ბოლოს შეაგდო, შეცვლაზე შესულმა ლადო მამუჩაშვილმა 81-ე წუთზე მშვენიერი ბურთი გაიტანა, 95-ე წუთზე კი მატჩს წერტილი გიორგი ნიქაბაძემ დაუსვა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში სამტრედიას რიგებში გიორგი არაბიძის დებიუტი შედგა, რომელიც მინდორზე კაპიტნის სამკლაურით გახლდათ.

ასევე 3:1 მოიგო გორის დილამ, რომელიც წყალტუბოში სამგურალს ესტუმრა. ანგარიში მე-15 წუთზე კამარამ გახსნა, 8 წუთში პაპუნა ფონიავამ პენალტით გაათანაბრა. მეორე ტაიმში დილამ კიდევ 2 შეაგდო და ორივე ნიკა გაგნიძის ანგარიშზეა. დილას შემტევმა თავი მე-60 და 92-ე წუთებზე გამოიჩინა. აღნიშნულ შეხვედრაში ეტოუმ მძიმე ტრავმა მიიღო და დიდი ალბათობით ფეხბურთს კარგა ხანს ჩამოშორდა.

საგურამოში ლოკომოტივმა შუქურა მიიღო და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. რკინიგზელთათვის ეს გამარჯვება მარტივი არ ყოფილა. ჭიაბრიშვილის გუნდმა ავტოგოლით მოიგო. მატჩის ერთადერთი გოლი 29-ე წუთზე კახა კაკაშვილმა საკუთარ კარში გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 43-ე წუთიდან შუქურა კაცნაკლული იყო. მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედანი დროზე ადრე ბექა ვარშანიძემ დატოვა. სათქმელია, რომ სწორედ ამ შეხვედრაში თითქმის 20 თვიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთს ნიკა ძალამიძე დაუბრუნდა. 29 წლის შემტევი შუქურას მაისურით თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო.

ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ერთმანეთს გავარდნის კანდიდატები შეხვდნენ. ტორპედომ თელავს უმასპინძლა და მატჩი სტუმართა სასარგებლოდ 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი შეცვლაზე შესულმა შოთა შეყილაძემ 79-ე წუთზე გაიტანა.

ფოტო: ეროვნული ლიგის ოფიციალური საიტი

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *