ეროვნული ლიგა – დინამოებმა ადგილები გაცვალეს

ეროვნულ ლიგაში მე-20 ტური გაიმართა. სწორედ ამ ტურის შემდეგ, ლიდერად კვლავ დინამო თბილისი მოგვევლინა, რომელმაც დინამო ბათუმის შუქურასთან ნათამაშები ფრით ისარგებლა, ტორპედოს მოუგო და ისევ პირველ ადგილზეა. დედაქალაქელები 41 ქულით პირველზე არიან, აჭარლები კი მეტოქეს 1 ქულით ჩამორჩებიან.

მე-20 ტურში ერთმანეთს პრინციპული მეტოქეები შეხვდნენ, ქუთაისის ტორპედომ დინამო თბილისს უმასპინძლია და მატჩი სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ეს ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე გიორგი კუციამ გაიტანა. დინამო უპირატესობას ფლობდა და კიდევ შეეძლო გატანა, თუმცა ცხადაძის შეგირდები 1 ბურთს დასჯერდნენ.

დრამატული და საინტერესო მატჩი გამოვიდა ბათუმში, სადაც დინამო ბათუმმა შუქურა მიიღო და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. 27-ე წუთზე კაკაშვილის კარგი პასის შემდეგ, სარდალიშვილი მცველს გასცდა, მეკარე მოატყუა და ანგარიში გაიხსნა. ტაიმის ბოლო წუთზე ბათუმელთა ჩაწოდებულის შემდეგ, გიორგი ფანცულაიამ, რომელიც ბათუმელთა ლიდერად მოგვევლინა, თებიძის კარი აიღო. 61-ე წუთზე ვარშანიძის შორეული დარტყმის და რიკოშეტის შემდეგ ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა და შემდეგ ლაზარე კუპატაძეს, რის შემდეგაც ავტოგოლი გავიდა. მატჩს წერტილი შეცვლაზე შესულმა გიორგი ზარიამ დაუსვა, რომელმაც 91-ე წუთზე შესანიშნავი ჯარიმა გაიტანა.

ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო თელავმა, რომელიც ლოკომოტივს ესტუმრა და 3:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ 10 მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ ლოკოს გიორგი ჭიაბრიშვილი დაუბრუნდა. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, პირველ ტაიმში სტუმრები უკეთესები იყვნენ და 2 გოლიც გაიტანეს. მე-8 წუთზე შეყილაძემ მცველი და მეკარე მოატყუა და მშვენიერი ბურთი შეაგდო. 38-ე წუთზე შეყილაძემ უკვე საგოლე გადაცემა მიითვალა, თელაველთა შეტევმა ზაზა ციცქიშვილს კარგი პასი გაუკეთა და მანაც ახლოდან შეაგდო. ლოკომ მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო და 50-ზე გაიტანა. ქველაძის ჩაწოდებულს შონია უძლიერესი დარტყმით გამოეხმაურა. 83-ე წუთზე ირაკლი რუხაძემ შეაგდო, მატჩს კი წერტილი ირაკლი სიხარულიძემ დაუსვა, რომელმაც 11 მეტრიანი გაიტანა.

ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგო სამტრედიამ, რომელმაც ამჯერად გოლის დილას უმასპინძლა. ანდრეი დემჩენკოს შეგირდებმა აღნიშნული მატჩიც მშვენივრად ჩაატარეს, უკეთესი იყო მეორე ნახევარი. 50-ე წუთზე ნონდიმ ღუდუშაურს მშვენიერი პასი გუაკეთა, მანაც ერთი შეხებით ჩააწოდა და მომენტი თორნიკე კაპანაძის გოლით დასრულდა. 3 წუთში გორელთა ერთერთმა ლიდერმა უსმანე კამარამ პენალტი შეაგდო. 84-ე წუთზე იმერლებმა ერთი ბურთი გაქვითეს, გიორგი ლომთაძემ ახლოდან ტექნიკურად დაარტყა და 1:2.

ტურის ბოლო შეხვედრა წყალტუბოში გაიმართა, სადაც სამგურალმა საბურთალოს უმასპინძლა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში მე-16 წუთზე გაიხსნა. მასპინძელთა კიპერი მაქსიმე ქვილითაია საკუთარ საჯარიმოში დაიბნა, რითიც აკაკი შულაიამ ისარგებლა და გაიტანა. ფრუიძის შეგირდებმა ანგარიში 28-ე წუთზე გაათანაბრეს, კირკიტაძის ჩაწოდებულს სერგო კუხიანიძე გამოეხმაურა, რომელმაც თავით შეაგდო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *