ეროვნულ ლიგაში 31-ე ტური გაიმართა. აღნიშნულ ტურში იყო სენსაცია და დინამოებს შორის ქულათა სხვაობა შემცირდა.
ტურის ცენტრალური შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც დინამო თბილისი საბურთალოს ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. სანამ უშუალოდ მატჩზე გადავიდოდეთ, უნდ ითქვას, რომ მოედნის საფარი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და ცხადია ფეხბურთელებს ხელს უშლიდა. მატჩმა დინამოს უპირატესობით ჩაიარა. შეხვედრის ერთდერთი გოლი 30-ე წუთზე ნოდარ ქავთარაძემ გაიტანა. ამის შემდეგ კვლავ დინამო უფრო აქტიურობდა, თუმცა უსაქმოდ არც საბურთალო ყოფილა და მომენტები ორივე კართან იყო. საბოლოოდ 0:1. დინამო 60 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ დინამო ბათუმს 4 ქულით ჩამორჩება, საბურთალოს 50 ქულა აქვს და მე-4 პოზიციას იკავებს.
სენსაციური შედეგი დაფიქსირდა სამტრედიაში, სადაც სამტრედიამ დინამო ბათუმი 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მატჩამდე 1 დღით ადრე გუნდი გია ცეცაძემ დატოვა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე ანატოლი მესიაჩენკომ გაიტანა. სათქმელია, რომ ბათუმელებს შეგდების საკმაოდ რეალური შანსი ჰქონდათ, თუმცა გიორგი ფანცულაიამ პენალტი ვერ გამოიყენა. ისიც აღსანიშნავია, რომ სამტრედიამ მთელი მეორე ტაიმი 10 კაცით ითამაშა. 45-ე წუთზე მსაჯმა გიორგი ახალაძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა. სამტრედია 20 ქულით ბოლო ადგილზეა და შუქურას 6 ქულით ჩამორჩება, დინამო ბათუმი კი 64 ქულით პირველზეა.
თავის მხრივ შუქურამ ფოთში ლოკომოტივს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. 3 ქულის მომტანი გოლი ლოკოს კაპიტანმა დავით უბილავამ გაიტანა, რომელმაც თავი 35-ე წუთზე გამოიჩინა. ლოკო მატჩის უმეტესი ნაწილი უპირატესობას ფლობდა და დამსახურებული 3 ქულა აიღო. ჭიაბრიშვილის გუნდი 47 ქულით მე-5 ადგილზეა, ქობულეთელები კი 26 ქულით მე-9 პოზიციას იკავებენ.
მორიგი 3 ქულა აიღო გორის დილამ, რომელმაც სამგურალს უმასპინძლა. გორელებმა საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარეს და დამსახურებულადაც მოიგეს. დემჩენკოს შეგირდებმა ორივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს. 62-ე წუთზე უსმან კამარამ შეაგდო, 88-ზე კი ირაკლი ბიძინაშვილმა გამოიჩინა თავი. დილა 53 ქულით მესამე ადგილზეა, სამგურალს 36 ქულა აქვს და მე-6 პოზიციას იკავებს.
ამ ტურის ყველზე უხვგოლიანი მატჩი თელავში შედგა, სადაც თელავმა ტორპედოს უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. ქუთათურებმა ბოლო ტურებში აშკარად მოუმატეს და მორიგი გამარჯვება მოიპოვეს. მატჩის დაწყებიდან 1 წუთი არ იყო გასული როცა თორნიკე ახვლედიანმა გაიტანა, მე-10 წუთზე ახვლედიანმა დუბლი შეასრულა, 27-ე წუთზე ჩუკვურამ 1 ბურთი გაქვითა, მატჩს კი წერტილი 43 წუთზე დმიტრი რეკიშმა დაუსვა. ტორპედო 30 ქულით მე-8 ადგილზეა, თელავს კი 35 ქულა აქვს და მე-7 პოზიციას იკავებს.
32-ე ტური
ტორპედო – დილა
დინამო თბ – თელავი
სამგურალი – შუქურა
ლოკომოტივი – სამტრედია
დინამო ბთ – საბურთალო