ეროვნული ლიგა – დინამოებს შორის სხვაობა გაიზარდა

ეროვნულ ლიგაში 28-ე ტური გაიმართა. განვლილი 5 თამაშის შემდეგ, დინამო ბათუმმა დინამო თბილისთან უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდა, სამტრედია კვლავ ბოლო ადგილზეა და ძნელად სავარაუდოა, რომ ეროვნულ ლიგაში

გია ცეცაძის გუნდმა თელავს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. კახელებმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს. ჯერ მე-16 წუთზე ლაშა შერგელაშვილმა შესანიშნავი ჯარიმა გაიტანა (სათქმელია, რომ თელავის მცველს რიკოშეტი დაეხმარა), 34-ზე კი გიორგი ჯანელიძის ჩაწოდებული ჯარიმის შემდეგ, ანტონ თოლორდავამ თავით გაიტანა. თელავი 29 ქულით მე-7 ადგილზეა, სამტრედია კი 16 ქულით ცხრილის ფსკერზე და მე-9 ადგილოსან შუქურას 9 ქულით ჩამორჩება.

თავის მხრივ შუქურამ სიტუაცია ასე თუ ისე გამოასწორა. შაშიაშვილის შეგირდებმა გორის დილას უმასპინძლეს და 4:0 დაამარცხეს. მე-9 წუთზე მიშკა სარდალიშვილმა მუსელიანის პასით გაიტანა, 1 წუთში თავად მუსელიანმა შეაგდო და მას ასისტენტობა ირაკლი კომახიძემ გაუწია. მეორე ტაიმში კვლავ ქობულეთელები აქტიურობდნენ, 51-ე წუთზე კომახიძემ თავი გოლითაც გამოიჩინა, რომელმაც ჯერალდოს პასით ისარგებლა, მატჩს კი წერტილი მე-80 წუთზე ლევან ინგოროყვამ დაუსვა. საგოლე გადაცემა ამჯერად ჟუნინიო კაბრალმა ჩაიწერა. სათქმელია, რომ გორელებმა ბოლო ნახევარი საათი 10 კაცით ითამაშეს. მსაჯმა ალეფ სანტოსს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედანი დაატოვებინა.

საინტერესო გამოდგა თბილისური დერბი, რომელშიც ლოკომოტივმა საბურთალო მიიღო. მატჩის უმეტესმა ნაწილმა ლოკოს უპირატესობით ჩაიარა. ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს ირაკლი სიხარულიძემ პენალტით გახსნა, 56-ე წუთზე კირკიტაძის ჩაწოდების შემდეგ, შონიამ ძლიერი დარტყმით შეაგდო, 64-ე წუთზე გავაშელიშვილი მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შევიდა, მცველები მოატყუა და მოხდენილი დარტყმით გაიტანა. საბურთალო ბოლოს გააქტიურდა და 2 გოლი გაიტანა. 87-ე წუთზე მამაცაშვილის ჩაწოდების შემდეგ, მანდრიჩენკომ შეაგდო, 92-ზე ნიკა მალიმაც გამოიჩინა თავი. საბურთალომ კიდევ შეუტია, თუმცა უშედეგოდ. ამ 3 ქულას ლოკომოტივისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ ეს 2 გუნდი და გორის დილა იბრძვიან სამეულისთვის. ლოკომოტივი 44 ქულით მე-5 ადგილზეა, საბურთალო კი 46 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს.

დინამო თბილისი სამგურალს ამ სეზონში მეოთხეჯერ შეხვდა და ვერც ამჯერად მოუგო. დედაქალაქელებმა სოსო ფრუიძის გუნდთან 2:2 ითამაშეს. ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა, სერგო კუხიანიძემ მე-2 წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა. 10 წუთში დავით სხირტლაძემ მშვენიერი თავურით გაათანაბრა. ამის შემდეგ კვლავ დინამო უტევდა და 29-ე წუთზე ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ლეგიონერმა ბარნს ოსეიმ თავით შეაგდო. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლისას საგოლე პასი ლევან ხარაბაძემ ჩაიწერა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ დინამოს უნდა მოეგო, თუმცა 73-ე წუთზე კალანდარიშვილმა გაიტანა და დინამოს ჩემპიონობის შანსი შეუმცირა. ცხადაძის გუნდი 53 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ დინამო ბათუმს 7 ქულით ჩამორჩება, სამგურალი 36 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.

ტურის ბოლო მატჩი ბათუმში გაიმართა, სადაც დინამო ბათუმმა ქუთაისის ტორპედო მიიღო. მატჩმა მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა. მე-10 წუთზე ალთუნაშვილის ჩაწოდების შემდეგ, ფანცულაიამ ეფექტური დარტყმით გაიტანა. ტაიმის ბოლოს ტორპედო გააქტიურდა და 43-ე წუთზე ინკუმის ჩაწოდების შემდეგ, ბაქარ მირცხულავამ თავით შეაგდო. მეორე ტაიმში კვლავ ბათუმელები უტევდნენ. შეცვლაზე შესულმა გიული მანჯგალაძემ 61-ე წუთზე შესნიშნავი ჯარიმა გაიტანა, მატჩს კი წერტილი ასევე შეცვლაზე შესულმა გიორგი ზარიამ დაუსვა, რომელმაც ალთუნაშვილის პასის შემდეგ ახლო მანძილიდან გაიტანა. დინამო ბათუმი 60 ქულით ცხრილს ლიდერობს, ტორპედო კი 26 ქულით მე-9 ადგილზეა.

 

29-ე ტური

შუქურა – დინამო ბათუმი

თელავი – ლოკომოტივი

საბურთალო – სამგურალი

დილა – სამტრედია

დინამო – ტორპედო

ფოტო: ეროვნული ლიგის ოფიციალური საიტი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *