ეროვნული ლიგა – დინამომ ტორპედო გაანადგურა, ბათუმელები კვლავ წინ მიიწევენ

ეროვნულ ლიგაში მესამე წრე დაიწყო. გუნდებმა მე-19 ტურის მატჩები ჩაატარეს, განვლილმა 5-მა თამაშმა სენსაციის გარეშე ჩაიარა.

ტურის ცენტრალური მატჩი დინამო არენაზე გაიმართა, ყველაზე პრინციპულ ქართულ დაპირისპირებაში დინამო თბილისმა ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა. მთელმა შეხვედრამ მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა. თამაში ძირითადად ტორპედოს ნახევარზე და საჯარიმოსთან ახლოს მიმდინარეობდა. ანგარიში მე-4 წუთზე ანტილევსკიმ გახსნა, რომელიც ნიკა მალის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ერთი ერთზე დარჩა და შანსი ხელიდან არ გაუშვა. მეორე ტაიმი ერთი წუთის დაწყებულიც არ იყო, როცა მალიმ კიდევ ერთი ასისტი მიითვალა, მან ამჯერად ანტილევსკის გაატანინა. 57-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძემ ძლიერი დარტყმით შეაგდო, 7 წუთში უსმანე კამარას ჯერი დადგა, 77-ზე დავით სხირტლაძემ გაიტანა, მატჩს კი წერტილი ტორპედოს თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ 89-ე წუთზე დაუსვა.

მორიგი მატჩი მოიგო დინამო ბათუმმა, რომელმაც ბოლნისის სიონს უმასპინძლა და 3:0 გაიმარჯვა. ერთი ბურთი ზურიკო დავითაშვილმა შეაგდო, დუბლი კი ჯოვინო ფლამარიონმა შეასრულა.

ზედიზედ მეორე მატჩი წააგო სამგურალმა, რომელსაც მანამდე ზედიზედ 9 შეხვედრაში არ ჰქონდა წაგებული. გიორგი მიქაძის გუნდი საბურთლოს ეწვია და 0:2 დამარცხდა. ორივე გოლი ბოლო წუთებზე გავიდა, ჯერ ბენედიკ მიოიჩმა გამოიჩინა თავი, შემდეგ ირაკლი სიხარულიძემ.

ზედიზედ 6 მარცხის შემდეგ ქულა აიღო გაგრამ, რომელიც გორში დილას ესტუმრა, მატჩი 1:1 დასრულდა. სტუმართა მხრიდან თავი მათე ვაწაძემ გამოიჩინა, გორელებიდან კი გოლი ვაგნერ გონსალვესმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ვაწაძემ და კვირკველიამ გაგრაში ბოლო მატჩი ჩაატარეს. გამოცდილი ფორვარდი კარიერას დინამო ბათუმში გააგრძელებს, საბაზე კი ჯერ ცნობილი არ არის სად ითამაშებს.

ლოკომოტივის კრიზისი გრძელდება. რკინიგზელებმა თელავს უმასპინძლეს და 0:2 დამარცხდნენ. ეს მატჩი კარიერაში ალბათ ყველაზე ცუდი შეხვედრაა დაჩი ფოფხაძისთვის, რომელმაც 2 ავტოგოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ლოკომოტივმა ახალი მწვრთნელის, ნიდერლანდელი ჯონ ვან ლუნის ხელმძღვანელობით პირველად ითამაშა.

ფოტო: დინამო თბილისის ფეისბუქ გვერდი

Leave a comment

Your email address will not be published.