ეროვნული ლიგა – ლიდერებმა ქულები დაკარგეს, დინამო ბათუმი წინ გაიჭრა

ეროვნულ ლიგაში მე-19 ტური გაიმართა. ყველაზე მოულოდნელი შედეგი დინამო არენაზე დაფიქსირდა, სადაც სამგურალმა დინამო თბილისს 2:1 მოუგო. ასევე მოულოდნელობა იყო ქუთაისის ტორპედოს და დინამო ბათუმის 2:2.

დინამო თბილისმა სამგურალს უმასპინძლა და როგორც უკვე გითხარით 1:2 დამარცხდა. ანგარიში პირველივე წუთზე გაიხსნა, წყალტუბოელების სწრაფი შეტევისას კუხიანიძემ ლექვთაძეს კარგი პასი გაუკეთა და მანაც შეაგდო. მე-17 წუთზე ფონიავამ ჯარიმა მშვენივრად შეასრულა და ანგარიში 2:0 გახდა.

მეორე ტაიმში დინამომ 1 ბურთი გაქვითა, 60-ე წუთზე გიორგი გაბედავამ პენალტი ზუსტად შეასრულა. მალე სტუმრები 10 კაცით დარჩნენ, მსაჯმა გილმორს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედანი დაატოვებინა. წესით დინამოს ხელ-ფეხი უნდა გახსნოდა, მაგრამ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა ბევრი ვერაფერი შექმნა. ბოლოს კი შეუტია, თუმცა უშედეგოდ.

ასევე მოულოდნელი იყო ფრე 2:2, რომელიც ქუთაისის ტორპედოს და დინამო ბათუმს შორის დაფიქსირდა. ანგარიში უკვე მეორე წუთზე გიორგი ფანცულაიამ გახსნა. ბათუმელთა ფორვარდი შესანიშნავ ფორმაშია, მიმდინარე სეზონში მან მე-9 ბურთი შეაგდო. 34-ე წუთზე თედორე გრიგალაშვილმა საკუთარ კარში გაიტანა და ბევრმა იფიქრა, რომ აჭარლებს 3 ქულა გარანტირებული ჰქონდათ, თუმცა ტორპედომ მეორე ტაიმში სიტუაცია გამოასწორა. 64-ე წუთზე ოლეგ მამასახლისმა პენალტი გაიტანა, 3 წუთში კი ფადი ზიდანმა შეაგდო.

დანარჩენი მატჩებიდან დილამ შუქურას თორნიკე კაპანაძის გოლით 1:0 მოუგო, 2:1 დასრულდა თელავისა და სამტრედიას თამაში, კახელთა მხრიდან თავი მიხეილ ბაშალეიშვილმა და ზაზა ციცქიშვილმა გამოიჩინეს, სამტრედიადან კი გოლი გიორგი ილურიძემ გაიტანა. ასევე 2:1 მოუგო ლოკომოტივმა საბურთალოს, რკინიგზელთა მხრიდან გოლები ირაკლი სიხარულიძემ და რატი მჭედლიშვილმა გაიტანეს, შუბითიძის გუნდიდან კი გიორგი გოჩოლეიშვილმა შეაგდო.

დინამოების დაკარგული ქულებიდან გამომდინარე, დინამო ბათუმი 39 ქულით ცხრილის სათავეშია, მეორეზე დინამო თბილისია, რომელსაც ქულით ნაკლები აქვს.

ფოტო: TSSF.ge

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *