ეროვნული ლიგა – მცირე სენსაცია, ცხადაძის პირველი მოგება…

ეროვნულ ლიგაში მე-17 ტურის შეხვედრები გაიმართა. დიდ ინტერესს იწვევდა დინამო თბილისის სამტრედიაში მასპინძლობა. კახა ცხადაძისთვის ეს თბილისელთა თავკაცის პოსტზე დაბრუნების შემდეგ, მეორე მატჩი იყო და სწორედ ამ შეხვედრაში მოიგეს დედაქალაქელებმა მის ხელში პირველად. ყველაზე ტიტულოვანმა ქართულმა გუნდმა სამტრედიაში 2:0 მოიგო. 24-ე წუთზე მილან რადინმა ზორან მარუშიჩის პასით გაიტანა, 80-ზე კი მარუშიჩმა ამჯერად თორნიკე ახვლედიანს გაატანინა.

ბევრისთვის გასაკვირად დინამო ბათუმმა სამგურალს ვერ მოუგო. წყალტუბოელებმა გეგუჩაძის გუნდს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს და მატჩი უგოლოდ დასრულდა. საერთოდაც უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც გუნდი სოსო ფრუიძემ ჩაიბარა, სამგურალმა მოუმატა.

ლოკომოტივმა საგურამოში ქუთაისის ტორპედო მიიღო და 3:1 მოუგო. ანგარიში მეორე ტაიმის დაწყებიდან 1 წუთში ირაკლი სიხარულიძემ გახსნა, 69-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძემაც შეაგდო, 7 წუთში ერთი ბურთი ლაშა ჩალაძემ გაქვითა, მატჩს კი წერტილი 85-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა დაუსვა. სათქმელია, რომ ქუთათურებმა მატჩი 10 კაცით დაასრულეს, 89-ე წუთზე სამუელ ინკუმმა მეორე ყვითელი და შესაბამისად წითელი ბარათი მიიღო. აღსანიშნავია, რომ გურამ კაშიამ ლოკომოტივის მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა. იგი კარიერას ვლადიმირ ვაისის დამოძღვრილ სლოვან ბრატისლავაში გააგრძელებს.

გორში გამართული მატჩი, სადაც დილამ თელავს უმასპინძლა, 1:1 დასრულდა. მე-17 წუთზე სტუმრები შოთა შეყილაძემ დააწინაურა, 41-ზე კი თორნიკე კაპანაძემ გაათანაბრა. თამაშის ბოლოს ფეხბურთელებს შორის შეხლა-შემოხლა იყო და მსაჯმა ირაკლი ბუღრიძეს და ვუგარ ბაიბალაევს წითელი ბარათები უჩვენა.

უგოლო ფრით დასრულდა ქობულეთის შუქურასა და საბურთალოს მატჩი. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქებს 2 გოლი საკმაოდ საკამათო სიტუაციაში არ ჩაუთვალეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *