ეროვნულ ლიგაში 29-ე ტური გაიმართა, სადაც უმეტესად ფავორიტებმა იმარჯვეს. ყველაზე დიდ ინტერესს დინამო თბილისის და ქუთაისის ტორპედოს დაპირისპირება იწვევდა. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ამ გუნდების პრინციპულ დაპირისპირებაზე ყველას კარგად მოგვეხსენება.
აღნიშნული შეხვედრა ცუდი ნამდვილად არ ყოფილა. იყო სახიფათო მომენტები, ცხადია იგრძნობოდა დაძაბულობაც. ცხადაძის გუნდმა ჩხეტიანის შეგირდები 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე ფაბიან სპორსკლედემ გაიტანა, რომელმაც გიორგი მოისწრაფიშვილის შესანიშნავი გადაცემით ისარგებლა. ამის შემდეგ მომენტები ორივე კართან იყო, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა. აღნიშნულ მატჩში ტორპედოს რიგებში დებიუტი ჰქონდა ლევან მჭედლიძეს, რომელიც თამაშში 81-ე წუთზე ჩაერთო. დინამო 56 ქულით მე-2 ადგილზეა, ტორპედოს კი 26 ქულა აქვს და მე-8 ადგილს იკავებს.
მორიგი გამარჯვება იზეიმა ჩემპიონობის მთავარმა კანდიდატმა დინამო ბათუმმა, რომელმაც აჭარულ დერბიში ქობულეთის შუქურას სტუმრად 2:0 მოუგო. შეხვედრის უდაოდ საუკეთესო ფეხბურთელი ირაკლი აზაროვი იყო, რომელმაც თავი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. თითქმის მთელმა მატჩმა გეგუჩაძის გუნდის უპირატესობით ჩაიარა. ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. 65-ე წუთზე აზაროვუს ჩაწოდების შემდეგ, თორნიკე გაფრინდაშვილმა შეაგდო, 92-ზე კი მოხდენილი დარტყმით თავად აზაროვმა გაიტანა. დინამო 63 ქულით ცხრილის სათავეშია, შუქურას 25 ქულა აქვს და მე-9 პოზიციაზეა.
გორში დილამ სამტრედია მიიღო და 3:1 დაამარცხა. დემჩენკოს გუნდმა კარგი მატჩი ჩაატარა და დამსახურებული 3 ქულა აიღო. მე-11 წუთზე თორნიკე კაპანაძემ მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა, 40-ზე კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ნიკა გაგნიძემ თავით კარში გადაგზავნა. ტაიმის ბოლო წუთზე გიორგი არაბიძემ პენალტის ნიშნულიდან 1 ბურთი გაქვითა. მატჩს წერტილი კაპანაძემ დაუსვა, რომელმაც 85-ე წუთზე დუბლი შეასრულა. დილა 47 ქულით მე-4 ადგილზეა, სამტრედია კი 16 ქულით ცხრილის ფსკერზე გახლავთ.
საბურთალომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სამგურალს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მე-5 წუთზე სტუმრები სერგო კუხიანიძემ დააწინაურა, მეორე ტაიმის დაწყებიდან 3 წუთში დმიტრი მანდრიჩენკომ გაათანაბრა, 71-ე წუთზე კი ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა იური ტაბატაძემ პენალტით შეაგდო და ამ სეზონში მე-8 გოლი გაიტანა. საბურთალო 49 ქულით მესამეზეა, სამგურალი 36 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.
ამ ტურის ერთადერთი მოულოდნელობა თელავში დაფიქსირდა, სადაც თელავმა ლოკომოტივს 2:1 მოუგო. კახელებმა თავიდანვე კარგად დაიწყეს და ვაჟა ფაცაცაის დუბლით ტაიმი 2:0 მოიგეს. თელავის მცველმა ჯერ მე-18 წუთზე გაიტანა, შემდეგ 40-ზე. მეორე ტაიმში ერთი ბურთი თეიმურაზ შონიამ გაქვითა, რომელმაც თავი 53-ე წუთზე გამოიჩინა. თელავი 37 ქულით მე-7 ადგილზეა, ლოკომოტივს 44 ქულა აქვს და მე-5 პოზიციამდე ჩამოქვეითდა.
30-ე ტური
სამგურალი – თელავი
სამტრედია – შუქურა
ტორპედო – საბურთალო
დინამო ბათუმი – დინამო თბილისი
ლოკომოტივი – დილა