ეროვნულ ლიგაში 25-ე ტური გაიმართა. ამ 5-მა მატჩმა სენსაციების გარეშე ჩაიარა. ჩემპიონატის ფავორიტებმა დინამო თბილისმა და დინამო ბათუმმა მოიგეს, სამტრედიამ 4:1 გაიმარჯვა, რამაც ცხრილის ქვედა ნაწილში სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა.
დინამო თბილისი ფოთში ქობულეთის შუქურას ესტუმრა და დამაჯერებელი სხვაობით 4:0 დაამარცხა. ზედიზედ 2 უგოლო მატჩის შემდეგ, კახა ცხადაძის შეგირდებმა მშვენიერი მატჩი ჩაატარეს და დამსახურებული 3 ქულაა აიღეს. თითო გოლი ბარნს ოსეიმ და ლევან ხარაბაძემ გაიტანეს, მარუშიჩმა კი დუბლი შეასრულა. ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ ახლად დაბრუნებული დავით სხირტლაძე, რომელმაც ოსეის საგოლე გადაცემა გაუკეთა. დინამო 48 ქულით მეორე ადგილზეა, შუქურას კი 21 ქულა აქვს და მე-9 პოზიციას იკავებს.
მორიგი მატჩი მოიგო დინამო ბათუმმა, რომელმაც ამჯერად 1 გოლი გაიტანა. გეგუჩაძის შეგირდებმა თელავში თელავი მინიმალური სხვაობით დაამარცხეს. ეს ერთადერთი გოლი ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა, რომელმაც ამ სეზონში მე-9 ბურთი შეაგდო. დინამო 53 ქულით ლიდერია, თელავი კი 25 ქულით მე-8 ადგილზეა.
სამტრედიაში იმერული დერბი გაიმართა, სამტრედიამ ტორპედოს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. ანგარიში სტუმრებმა მეჰდი ბუკასის გოლით გახსნეს, თუმცა ცეცაძის შეგირდებმა ნიკოლა პრელჩეცის გოლით მალევე გაათანაბრეს. პრელჩეცმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, ერთი ბურთი კი მათე კვირკვიას ანგარიშზეა. სამტრედია 16 ქულით ბოლო ადგილზეა და შუქურასთან ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა. ტორპედოს 25 ქულა აქვს და მე-7 პოზიციას იკავებს.
საგურამოში ლოკომოტივმა სამგურალი მიიღო, მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა და საბოლოოდ ფრედ 2:2 დამთავრდა. განსაკუთრებით სანახაობრივი იყო მეორე ტაიმი, სადაც 2 წითელი და 4 გოლი ვიხილეთ. 2-2 ყვითელი ბარათის გამო მსაჯმა მოედანი ჯერ ლოკომოტივის ფეხბურთელ ადამა ვადის დაატოვებინა, შემდეგ სტუმართა ნახევარმცველ ულმარ გილმორის. რაც შეეხება გოლებს, ანგარიში 51-ე წუთზე პაპუნა ფონიავამ გახსნა. სტუმრებმა შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს და წყალტუბოელთა ლიდერმაც ძლიერი დარტყმით შეაგდო. 8 წუთში გიორგი თევზაძის ჯარიმის შემდეგ ანგარიში 0:2 გახდა. ლოკომ ბოლომდე იბრძოლა და ანგარიში გაათანაბრა, 70-ე წუთზე ჯერ მამია გავაშელიშვილმა შეაგდო, 9 წუთში კი ომარ იმრანმა. ლოკომოტივი 37 ქულით მე-5 ადგილზეა, სამგურალს კი 3 ქულით ნაკლები აქვს და მე-6 პოზიციას იკავებს.
უგოლოდ დასრულდა გორში დილას და საბურთალოს მატჩი. რამდენიმე სახიფათო მომენტი კი შეიქმნა, თუმცა როგორც უკვე გითხარით გოლი არ გასულა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. დილა 40 ქულით მეოთხე ადგილზეა, ამდენივე ქულა აქვს საბურთალოს, რომელიც მესამე პოზიციას იკავებს.
26-ე ტური
ტორპედო – ლოკომოტივი
თელავი – დილა
დინამო ბათუმი – სამგურალი
დინამო თბილისი – სამტრედია
საბურთალო – შუქურა
ფოტო: ეროვნული ლიგის ოფიციალური საიტი